პრემიერის მამის კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმებულია - ღვინის ეროვნული სააგენტო
პრემიერის მამის კომპანია შპს „ქართულ ფესვებთან" ხელშეკრულება პირველ სექტემბერს გაუქმდა, - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სახელმწიფო საწარმომ შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ" იმ ყურძნის შეძენის მიზნით, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნებოდა მოთხოვნა, 2023 წლის 29 აგვისტოს ხელშეკრულება გაუფორმა შპს „ქართულ ფესვებს", რომლის 50%-იანი წილის მესაკუთრე ტარიელ ღარიბაშვილია.
უწყების ინფორმაციით, კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე საჭირო არ გახდა პროცესში „ქართული ფესვების” ჩართვა და 1 სექტემბერს მას გაუუქმდა ხელშეკრულება.
როგორც ცნობილია, სახელმწიფომ გამოხატა ასევე მზადყოფნა, რომ შეისყიდდა იმ ყურძენს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნებოდა მოთხოვნა. აღნიშნულ კომპანიას, შპს "ქართულ ფესვებს" 29 აგვისტოს გაუფორმდა ხელშეკრულება, თუმცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ყურძნის არსებული მარაგებიდან და კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო “ქართული ფესვების” ჩართვა პროცესში და 1 სექტემბერს მას გაუუქმდა ხელშეკრულება.
მოსავლის მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ "ქართულ ფესვებს" არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, არ მიუღია არანაირი თანხა და ამ ეტაპზე შესაბამისად არ არსებობს არც ხელშეკრულება," - წერია განცხადებაში.
12 სექტემბერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერული ფრენის ხარჯი, მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაუხადა. ჯაფარიძე დაინტერესდა თანხის წარმომავლობით.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი, ფლობს მხოლოდ ერთი კომპანიის (შპს "ქართული ფესვები") 50-პროცენტიან წილს. პრემიერის მამამ კომპანიის ნახევარი 2023 წლის თებერვალში 200 ათას ლარად იყიდა.