აქვს თუ არა ფარცხალაძეს ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია - ვოლსკი ოლიგარქს იცავს
„შეიძლება დაქირავებული იყო, კი ბატონო, დაქირავებული იყო, მაგრამ შედეგი რა მოიტანა ამ დაქირავებამ,“ - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით გააკეთა. ვოლსკი „ქართული ოცნების“ ლიდერების გზავნილს იმეორებს და ამბობს, რომ ფარცხალაძეს ხელისუფლებასთან 10 წელია, რაც კავშირი არ აქვს.
თუმცა, აქვს თუ არა ფარცხალაძეს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია, ამაზე „პირველებს“ გიორგი ვოლსკი არ პასუხობს. დეპუტატი კითხვაზე პასუხად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დაცვას და ამტკიცებს, რომ დღესდღეობით ივანიშვილს პოლიტიკასთან კავშირი აღარ აქვს.
ივანიშვილს საერთოდ პოლიტიკურ თემებთან ბოლო პერიოდში, მოყოლებული იქიდან, როცა თქვა, რომ არ მაქვს კავშირი - არ აქვს კავშირი. ბიძინა ივანიშვილისგან გინდათ შექმნათ ადამიანი, რომელსაც საიდუმლო ძაფები უკავია ხელში და სინამდვილეში, ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს უშველებელი ჩამონათვალი სიკეთეებისა, რომელიც ქვეყნისთვის გააკეთა,“ - ამბობს ვოლსკი.
რამდენად დამაზიანებელია საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ფარცხალაძის მხილება რუსულ სპეცსამსახურებთან განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ის ყოფილი გენერალური პროკურორია და მნიშვნელოვან ინფორმაციებზე ჰქონდა წვდომა - გიორგი ვოლსკი ამტკიცებს, რომ 11 წლის წინანდელი ინფორმაცია ღირებული აღარ იქნება.
გამოძიება რა მუხლით უნდა დაიწყოს, მე არ მითქვამს, ამის სპეციალისტი არ ვარ. უნდა შეისწავლოს თუ არა შესაბამისმა სტრუქტურებმა - რასაკვირველია. ფლობს თუ არა ის საიდუმლოო ინფორმაციას, 10-11 წლის წინ ნებისმიერ ინფორმაციას ყავლი აქვს გასული, ეს ერთი. რაიმე რუსეთმა უპირატესობა ნახა კავკასიაში, გარდა იმისა, რაც სააკაშვილი პერიოდში უპირატესობა მიიღო. თუ რა მოხდა ისეთი, რასაც შეიძლება ოთარ ფარცხალაძის ფიგურას დაუკავშირო,“ - ამბობს გიორგი ვოლსკი.