ოსების ჯგუფი თრუსოს ხეობაში რუსეთის დახმარებით ჩავიდა, ქართული მხარეც საქმის კურსში იყო - რუსული მედია
თრუსოს ხეობაში, რომელსაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საკუთარ ტერიტორიად თვლის, 6 ოსური გვარის 23 წარმომადგენელი ჩავიდა და ორი ღამით დარჩა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ვიზიტი 2 თვის განმავლობაში იგეგმებოდა და მზადების პროცესში, ოფიციალური ნოტა გაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც.
ექვსი ოსური გვარის წარმომადგენლებმა, 23-მა ადამიანმა შეძლო საქართველოში, თრუსოს ხეობაში მდებარე სამშობლოში ჩასვლა. მონახულებაზე შეთანხმება დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის მეთაურის, დმიტრი ტროფიმოვის მონაწილეობით. იმ ხალხის თხოვნის საფუძველზე, რომლის წარმოშობის ადგილი თრუსოს ხეობაა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გეგზავნა ოფიციალური ნოტა, ასევე გამოყენებულ იქნა პირადი კავშირები საქართველოს შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებთან და სამღვდელოების წარმომადგენლებთან". – თქვა ვლადიკავკაზში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბაგირ მამიევმა.
პირველად ჩრდილოეთ ოსეთიდან მომლოცველებმა თრუსოს ხეობა მსგავს ფორმატში 2021 წლის შემოდგომაზე მოინახულეს. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმი პრეტენზიას გამოთქვამს ყაზბეგის რეგიონზე და ამ მიწებს "საქართველოს მიერ ოკუპირებულს" უწოდებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ოსების ჯგუფს დახმარება აღმოუჩინეს ქართველმა მესაზღვრეებმა. როგორც რუსულ მედიაში წერენ:
- ჯგუფში იყვნენ როგორც ხანში შესული ადამიანები, ასევე ახალგაზრდები;
- მათ მოინახულეს წინაპართა საფლავები და უძველესი სალოცავები „ისტორიულ სამშობლოში“;
- თრუსოს ხეობისკენ მიმავალ გზაზე, ოსების ჯგუფს დახმარება აღმოუჩინეს ქართველმა მესაზღვრეებმა;
- მომლოცველებმა ღამე სოფელ კობში გაათიეს, მომდევნო დღეს კი თრუსოს ხეობისკენ დაიძრნენ;
- შემდეგ ღამე სოფელ ტეფში, კარვებსა და ავტომობილებში გაათიეს და მომდევნო დღეს ჩრდილოეთ ოსეთში დაბრუნდნენ.