სუს და იუსტიციის სამინისტრო - აქუბარდია ფარცხალაძისთვის ხელშეწყობაში ამ უწყებებს ამხელს

15.09.23 15:13
სუს და იუსტიციის სამინისტრო - აქუბარდია ფარცხალაძისთვის ხელშეწყობაში ამ უწყებებს ამხელს

სუს-ი და იუსტიციის სამინისტრო - დეპუტატი თეონა აქუბარდია ოთარ ფარცხალაძისთვის ხელშეწყობაში ამ ორი უწყების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. დეპუტატი ამტკიცებს, რომ მინიმუმ, ორმა უწყებამ გულგრილობა გამოავლინა, როდესაც ფარცხალაძის კავშირები FSB-სთან არ შეისწავლა ან განზრახ ჯაშუშობის ფაქტი არ გამოავლინა.

აქუბარდია რამდენიმე პასუხისმგებელ ორგანოს გამოყოფს, რომელსაც, პირველ რიგში, სახდეპის განცხადების შემდეგ გამოძიება უკვე უნდა ჰქონდეს დაწყებული. დეპუტატი იმ სახელმწიფო უწყებების გულგრილობაზე საუბრობს, რომლებმაც ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის დატოვების ნებაც დართეს. 

კონტრდაზვერვას ამაზე გამოძიება უნდა ჰქონდეს დაწყებული და მოქალაქეობა, როდესაც შეუნარჩუნეს საქართველოსი, რა თქმა უნდა, თანხმობა აქვს იუსტიციის სამინისტროს ამაზე გაცემული და სავარაუდოდ, სუს-ის ფილტრიც უნდა ჰქონდეს გავლილი და აქ იკვეთება ყველაზე მინიმუმ გულგრილობა - როგორ გაატარა სუს-მა ფილტრი FSB-ს ჯაშუშის და მეორე მხრივ, პოლიტიკური ნება, რა თქმა უნდა,“ - ამბობს თეონა აქუბარდია. 

თეონა აქუბარდიას თქმით, ყოფილ პროკურორს საიდუმლო ინფორმაციაზეც ჰქონდა წვდომა, ახლა კი ის რუსეთის ჯაშუშობაში აშშ-მა ამხილა.

"დიდი სკანდალია, როდესაც ყოფილი თანაგუნდელი, თან მთავარი პროკურორი, რომელსაც ებარა უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობა, ისევე, როგორც საიდუმლო ინფორმაციაზე მას ჰქონდა დაშვება, ამხელა ჯაშუშობაშია ბრალდებული," - ამბობს აქუბარდია.