მივიღეთ სრული მხარდაჭერა - ოპოზიცია აშშ-ს სენატორებთან შეხვედრის დეტალებზე

04.06.21 11:46
მივიღეთ სრული მხარდაჭერა - ოპოზიცია აშშ-ს სენატორებთან შეხვედრის დეტალებზე

პოლიტიკური მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემის რეფორმა - ამ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება ამერიკელმა სენატორებმა ოპოზიციასთან გამართული შეხვედრების დროს.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ამბობს, რომ სენატორებისთვის სასამართლო რეფორმა პრიორიტეტული საკითხია, რაზეც მათგან სრული მხარდაჭერა მიიღეს.  ვაშაძემ ასევე ის საკითხები ჩამოთვალა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორებთ შეხვედრის დროს განიხილეს. 

სასამართლო რეფორმა არის ნომერი პირველი პრიორიტეტი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის. ჩვენ მივიღეთ პირდაპირი გზავნილი, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება ამ კუთხით. ასევე, დავაყენეთ ოპოზიციამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომ გავხსნათ ისევ დისკუსია ამერიკასთან, იმიტომ, რომ ეს ქართული ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ნატოში ინტეგრაცია. სამწუხაროა, რომ [პირველი პრეცენდენტია, რომ საქართველო არ იქნება წარმოდგენილი ნატოს სამიტზე. რა გააფუჭა საქართველოს მთავრობამ ასეთი, ნამდვილად ვერ ვხვდები, - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე, ფიქრობს, რომ  „ქართული ოცნება“ სასამართლო სისტემაზე გავლენას არ დათმობს. 

პოლიტიკური მართლმსაჯულება, ეს არის ის საკითხი, რომელზეც სენატში საუბრობდნენ და მათ შორის, სასამართლო სისტემაში არსებულ კლანზე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, საქმის კურსში არიან. სასამართლო და მართლმსაჯულება გახდა ის საკითხი, როდესაც პირველად ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოსთან მიმართებაში ფინანსური  სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. გულწრფელად რომ გითხრათ, მე არ მესახება ფორმულა, რის გამოც  „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება, რამე დათმოს, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე.

 

მსგავსი სიახლეები