ამბოხი ადვოკატთა კორპუსში - იურისტს საკუთარი კლიენტის საწინააღმდეგო მოქმედებას აიძულებენ

18.09.23 11:23
ამბოხი ადვოკატთა კორპუსში - იურისტს საკუთარი კლიენტის საწინააღმდეგო მოქმედებას აიძულებენ

აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა და პროკურატურამ ადვოკატების დაშინება დაიწყო. მოწმედ გამოიძახეს ადვოკატი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ინტერესებს იცავს, ამით კი კანონი ირღვევა, რადგან იურისტს საკუთარი კლიენტის საწინააღმდეგო მოქმედებას აიძულებენ.

უფლებადამცველს აქვს ეჭვი, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტს და პროკურატურას მისი საქმიდან ჩამოშორება უნდა. ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილების გამო განგაშის სიგნალი ჩართეს სხვა ადვოკატებმაც.

ადვოკატ ზაზა პაპიძის თქმით, მას პროკურატურასა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ეუბნებიან, რომ საქმეს უნდა ჩამოშორდეს, რადგან სასამართლოში მისი მოწმის სახით წარდგენაა საჭირო. ადვოკატის შეფასებით, ეს არის კანონის უხეში დარღვევა, რადგან მას ეზღუდება საადვოკატო საქმიანობა. 

მე დამიბარეს მოწმედ, რადგან ამაცილონ საქმეს და არ დავიცვა ჩემი კლიენტი, არ განვახორციელო მისი გაცვლა იმიტომ, რომ მათ ყოველთვის ჰქონდათ მოთხოვნა და ერთადერთი პირობა ჩემს კლიენტზე, რომ ოღონდ ადვოკატი ზაზა პაპიძე არ ყოფილიყო. ჩემს კლიენტთან ვიმყოფებოდი ბათუმში იუსტიციის სახლში, მას მე იურიდიულ დახმარებას ვუწევდი, რჩევას ვაძლევდი. რასაკვირველია იქ მე ვჩანდი კამერებში, ანუ ადვოკატად ვიყავი მიწვეული და იმის გამო, რომ მე დაცვა არ განვახორციელო ჩემი კლიენტების პროკურატურა მეუბნება და აჭარის პოლიციის დეპარტამენტი, რომ შენ უნდა დაგკითხოთ მოწმედ და ამ საქმეზე ვერ იქნები ადვოკატი, რაც არის აბსურდი და დანაშაული, რადგან ამით მე მეზღუდება საადვოკატო საქმიანობა. აშკარაა, რომ ეშინიათ, რადგან მე არაერთ მძიმე ბრალდების საქმეში მყავს გამართლებული ჩემი მონაწილეობით გამართლებული არის თენგიზ თავდგირიძე. ქონების სამოქალაქო დავა იყო ქონების გადაფორმებაზე, მაგრამ იმის გამო, რომ პოლიციის დეპარტამენტს აქვს კონკრეტული პიროვნების ინტერესი თენგიზ თავდგირიძის გამოძიება დაიწყეს", - ამბობს ადვოკატი, ზაზა პაპიძე.

ადვოკატზე ზეწოლას მისი კოლეგა ტარიელ კაკაბაძე ეხმაურება და ამბობს, რომ კანონის უხეში დარღვევაა, როდესაც ადვოკატის აიძულებ მოწმედ გამოიკითხოს. ადვოკატი ფიქრობს, რომ უწყებების მცდელობა, რომ ადვოკატი საქმეს ჩამოაშორონ, შესაძლებელია იყოს ერთგვარი დაშინება, რომ უკანონო მეთოდების გამოყენებით მიიღონ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაცია.

კანონის უხეში დარღვევა არის, როდესაც ცდილობ ადვოკატი აიძულო მოწმედ გამოჰკითხო, იმ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც ადვოკატი იცავს კონკრეტული პირის ინტერესებს. ადვოკატმა, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენება მისცეს, ამით შეიძლება დაარღვიოს მისი დასაცავი პირის უფლებები, რაც არის უპირატესი ნებისმიერი ადვოკატისთვის. საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი პირდაპირ მიგვითითებს აღნიშნულის თაობაზე. აღნიშნული ქმედებით ილახება ადვოკატის უფლება, სე შეიძლება იყოს გარკვეული მცდელობა, რომ დააშინონ რომელიმე ადვოკატი და უკანონო მეთოდების გამოყენებით მიიღონ ინფორმაცია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე", - ამბობს ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე.

მსგავსი სიახლეები