"მიზანია აქტიური ადამიანების დაშინება!" - სუს-ის მიერ გადატრიალების მომზადებაში დადანაშაულებული CANVAS-ის დირექტორი
"განცხადების ერთადერთი მიზანია აქტიური ადამიანების დაშინება!" - ასე ეხმაურება CANVAS-ის დირექტორი გიორგი მელაძე სუს-ის განცხადებას, სადაც სახელმწიფო გადატრიალებაზეა საუბარი და ერთ-ერთ ორგანიზატორად სწორედ მისი ორგანიზაციაა მოყვანილი.
როგორც მელაძე წერს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება სხვადასხვა სენსიტიური საკითხის სახელმწიფო გადატრიალებისა თუ შეთქმულების თემით გადაფარვას ცდილობს. მელაძეს მაგალითად მისი ორგანიზაცია მოჰყავს, რომლის მიმართაც სუს-ის დღევანდელი განცხადების გარდა, რამდენიმე თვის წინაც მიიტანეს იერიში მმართველი გუნდის ლიდერებმა და "ექსტრემისტად" მოიხსენიეს.
სუსი ლაპარაკობს გადატრიალებებზე . . . რასაც ყოველთვის აკეთებს და ამჯერად ამ ყველაფერში ამატებს ორგანიზაცია "კანვასს".
"კანვას საქართველოს" დირექტორი ამჟამად ვარ მე და არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავ.
განცხადების ერთადერთი მიზანია აქტიური ადამიანების დაშინება!
პირადად ჩემს წინააღმდეგ განცხადება გავრცელდა გაზაფხულზე. განცხადების ავტორი იყო კობახიძე და მაშინაც "ექსტრემისტი" მეძახა.
ბოლო 20 წელია უამრავ ჯგუფთან და აქტივისტთან მიმუშავია და ჩემთვის ძვირფასი საქმეა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ადამიანებთან ერთად ფიქრი და მოქმედება უკეთესი მმართველობის სისტემების შესაქმნელად.
რასაც სუსი აკეთებს დღეს, ასეთი განცხადებები მომისმენია ავტორიტარული სახელმწიფოებისგან.
მიუხედავად ყველაფრისა, მე გავაგრძელებ ჩემ საქმეს, არაძალადობრივი კამპანიების შესახებ ცოდნის გავრცელებას!" - წერს გიორგი მელაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე წერს და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე ამტკიცებს, რომ გადატრიალება ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში იგეგმება, ერთ-ერთი ორგანიზატორი გია ლორთქიფანიძეა, მასთან ერთად კი მამუკა მამულაშვილიც აქვთ მოხსენიებული განცხადებაში.
გარდა ამისა, სუს-ში ამბობენ, რომ "რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით".