მეტი რადიკალიზმის შემოსატანად ოპოზიცია შანს არ გაუშვებს - შეინარჩუნებენ პრეზიდენტს, რომელიც არღვევს კონსტიტუციას - პაპუაშვილი
"ხელში ჩაუვარდათ შანსი, რომ საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელმაც დაარღვია კონსტიტუცია, ამ შანს ისინი ხელიდან არ გაუშვებენ - შეინარჩუნებენ პრეზიდენტს, რომელიც არღვევს კონსტიტუციას," - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ წასული პრეზიდენტი აწყობთ, ამიტომ იმპიჩმენტს შესაძლოა მხარი არ დაუჭირონ. თუ აქამდე მმართველ პარტიაში ამტკიცებდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხით სალომე ზურაბიშვილთან ივაჭრებდა, ახლა ამბობენ, რომ ოპოზიციას მისი გადაყენება არ აწყობს, რადგან სწორედ პრეზიდენტის დახმარებით ქართულ პოლიტიკაში მეტი რადიკალიზმის შემოტანა შეუძლიათ.
30-წლიან დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი შემთხვევა არის, როდესაც პრეზიდენტი ასე საჯაროდ და ცინიკურად არღვევს კონსტიტუციას. გვაჩვენებს პრეზიდენტი, რომ მას კონსტიტუცია არაფრად არ მიაჩნია. ევროკავშირის ლიდერებს გარკვეულწილად აძლევს იმის საბაბს, რომ უარი ეთქვას საქართველოს კანდიდატის სტატუსზე. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია ამ შანს, რომ კიდევ მეტი რადიკალიზმი შემოიტანოს ქართულ პოლიტიკაში, ხელიდან არ გაუშვებს. მათ ახლა ხელში ჩაუვარდათ შანსი, რომ საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელმაც დაარღვია კონსტიტუცია და შეიძლება მომავალშიც დაარღვიოს კონსტიტუცია, ამას აკეთებს საჯაროდ და რა თქმა უნდა, ამ შანს ისინი ხელიდან არ გაუშვებენ - შეინარჩუნებენ პრეზიდენტს, რომელიც არღვევს კონსტიტუციას და მიდის საქართველოს ხალხის წინააღმდეგ,“ - ამბობს შალვა პაპუაშვილი.