ხოშტარია, ჯაფარიძე პირდაპირ ექსტრემალი „ნაციონალები“ არიან, „ლელო“ კიდევ უფრო მეტად „ნაციონალური მოძრაობა" ხდება - პაპუაშვილი
"ხოშტარია, ჯაფარიძე და ა.შ. პირდაპირ ექსტრემალი „ნაციონალები“ არიან. ამით „ლელო“ კიდევ უფრო მეტად „ნაციონალური“ მოძრაობა“ ხდება, ვიდრე თავად „ნაციონალური მოძრაობაა", - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილი "ლელოს" ლიდერების განცხადებას გამოეხმაურა, რომლებმაც თქვეს, რომ "ლელო" თანამშრომლობას არ გამორიცხავს - "დროასთან", "გირჩი - მეტი თავისუფლებასთან", ნიკა გვარამიასთან, ნინო ლომჯარიასთან და სალომე ზურაბიშვილთან.
„ლელომ“ თქვა, თითქოს, ეს ცალკე პოლიტიკური ორგანიზმი უნდა იყოს. ის სია, რომელიც მათ დაასახელეს, რომელთანაც ისინი ერთიანდებიან, „დროა“ იქნება, „გირჩი“ თუ ა.შ., ესენი არიან პირდაპირ ექსტრემალი „ნაციონალები“. ხოშტარია, ჯაფარიძე და ა.შ. პირდაპირ ექსტრემალი „ნაციონალები“ არიან. ამით „ლელო“ კიდევ უფრო მეტად „ნაციონალური“ მოძრაობა“ ხდება, ვიდრე თავად „ნაციონალური მოძრაობაა“. ეს ყალბი გადაადგილებები... მერამდენეჯერ უნდა მოატყუონ ასე ქართული საზოგადოება?! ამის არავის სჯერა! ჩვენ გვყავს ერთი ოპოზიცია - ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი საცეცებით, სამწუხაროდ ასეა. ოპოზიციას ჰქონდა შანსი ერთპროცენტიანი ბარიერის ფარგლებში, ამის შედეგად პარლამენტში მოხვდა ბევრი პარტია. ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ესარგებლათ ამით და თავისი პირადი იდენტობა ჩამოეყალიბებინათ. სამწუხაროდ, ყველა არჩევს, რომ მოექცეს „ნაციონალური მოძრაობის“ თბილი ქოლგის ქვეშ, იმიტომ, რომ იციან ამით აქვთ წვდომა მედიაზე, ფინანსებზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.