პრიმიტიული რუსული სცენარია - მამუკა მამულაშვილი სუს-ს პასუხობს
„რუსეთმა საკმაოდ ბევრი მიიღო „ქართული ლეგიონისგან“ და ახლა ცდილობენ რევანშს,“ - ასე გამოეხმაურა სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი.
მამულაშვილმა „დღის ამბებში“ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს მთავრობა კრემლის დავალებებს ასრულებს და სუს-ის მიერ მამულაშვილის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დადანაშაულებაც ამის დასტურია.
როგორც მამულაშვილი ამბობს, „ქართული ლეგიონი“, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, ოკუპანტი ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და იმის გარდა, რომ მოსკოვში ლეგიონის წევრები დაუსწრებლად გაასამართლეს, ახლა საქართველოს მთავრობის ხელით ცდილობენ მათ დისკრედიტაციას.
რაც შეეხება სუს-ის მტკიცებას, რომ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს გია ლორთქიფანიძე მამულაშვილსა და ბატურინთან ერთად, როგორც მამულაშვილი ამბობს, ის მაგალითად, ბატურინს არ იცნობს.
მოდით, დავარქვათ ყველაფერს ის სახლი, რაც რეალობაშია - ქართული მთავრობა ასრულებს რუსულ დავალებას და ცდილობს, დისკრედიტაციას, სირთულეების შექმნა უნდათ "ქართული ლეგიონისთვის" და მიიღეს სწორედ ასეთი დავალება. დაახლოებით, იგივე სცენარია, რაც გათამაშდა რუსეთში და მოგვისაჯეს 25-25 წელი ქართული ლეგიონის წევრებს. რაც შეეხება გიას, გიასთან ვმეგობრობ, მაგრამ სისულელეა ასეთ რაღაცაზე ლაპარაკი. ბატურინი - არ ვიცი, ვისზეა საუბარი, პრიმიტიული რუსული სცენარია, რუსეთმა საკმაოდ ბევრი მიიღო „ქართული ლეგიონისგან“ და ახლა ცდილობენ რევანშს,“ - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.
მამულაშვილის თქმით, რუსული ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს ამ შემთხვევაში საგამოძიებო უწყება. „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მთავრობის მუქარის მიუხედავად, დასავლელ პარტნიორებთან ღიად დააფიქსირებს, რომ ოლიგარქი ივანიშვილი დასასანქცირებელია.
ეს ჭორაობას უფრო ჰგავს, ვიდრე სერიოზულს, ყოველგვარი ფაქტების, ხელმოსაკიდის გარეშე რაღაც თქვეს, იმიტომ, რომ რუსეთმა დაურეკა გუშინ სუს-ის თავმჯდომარეს და უთხრა, რომ ეს ადამიანები საქართველოში თავისუფლად არ უნდა დადიოდნენ.
პოლიტიკური სარჩული აქვს ამას - „ქართული ლეგიონის“ შემთხვევაში ის ფაქტორი, რომ რუსეთს ძალიან დიდ ზიანს ვაყენებთ, ძალიან შემაწუხებელია და საქართველოს მთავრობას დირექტივებს უგზავნიან, როგორ უნდა მოიქცნენ ჩვენს შემთხვევაში, ფიზიკურად ვერაფერი ნახეს და ეცდებიან, რაღაც შეთხზან. საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მუშაობს კრემლზე,“ - ამბობს მამულაშვილი.