კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - განხილვის ერთ-ერთი თემა ფარცხალაძის დასანქცირება და სუს-ის განცხადება იყო

18.09.23 15:21
კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - განხილვის ერთ-ერთი თემა ფარცხალაძის დასანქცირება და სუს-ის განცხადება იყო

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები გრძელდება - როგორც შეხვედრიდან გამოსულმა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა "პირველებს" უთხრა, საუბრის მთავარი თემა ქვეყნის ევროინტეგრაცია იყო. 

"TV პირველის" კორესპონდენტის შეკითხვაზე, შეეხო თუ არა პრეზიდენტი აშშ-ის მხრიდან, საქართველოს ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხს, ნაცვლიშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საკითხების განხილვის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი ექს პროკურორის დასანქცირების საკითხსაც შეეხო. 

"ლელოს" ლიდერი პრეზიდენტის პოზიციას არ ახმოვანეს და ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ჩათვლის საჭიროდ ამ საკითხზე განცხადებას თავად გააკეთებს. 

შეეხო (ფარცხალაძის დასანქცირების) საკითხსაც, მაგრამ მთავარი განხილვის საკითხი არის, რას ვაკეთებთ და რა ნაბიჯები არის გადასადგმელი იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე ევროპის კარი არ დაიხუროს, რასაც ასე გამალებით ცდილობს ხელისუფლება. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი თავად, როცა გადაწყვეტს გააკეთებს თავის პოზიციას, გააცნობს საზოგადოებას" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება "ლელოს" ლიდერის შეფასებას, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს "აბსურდული პერფორმანსების" ნაცვლად საზოგადოების წინაშე ორ მთავარ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. 

რაც შეეხება პრეზიდენტს, ვფიქრობ, რომ ის თავად გამოეხმაურება ამ საკითხს, როცა საჭირო ჩათვლის. ჩემი მხრიდან ფარცხალაძესთან მიმართებით მინდა გითხრათ: უსაფრთხოების სამსახურს ყოვლად აბსურდული პერფორმანსის ნაცვლად, მათ მართებთ ორ რამეზე საზოგადოებას გასცენ პასუხი: პირველი - როგორ მოხდა, ის, რომ სახალმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ცხვირწინ ჰყავდა რუსეთის გავლენის აგენტი და ვერ შენიშნა, ვერ აღმოაჩინა? რისთვის ჰყავს ქვეყანას უსაფრთხოების სამსახური და კითხვა ნომერი ორი - ახლა რა ღონისძიებებს გეგმავენ, იმიტომ რომ ფაქტია, უმძიმესი ბრალდებით საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი მხილებულია საქართველოს ინტერესების ღალატში, ახლა რას აპირებს სუსი?", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, 2023 წლის 14 სექტემბერს, აშშ-მ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, რუს-ქართველ ოლიგარქად მოხსენიებულ ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა.

როგორც ირკვევა, აუდიენციისას მხარეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებებსაც შეეხნენ, სადაც ლილუაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ "საქართველოში გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში "არეულობას" გეგმავს".

მსგავსი სიახლეები