"ოცნების" შეცვლილი რიტორიკა - ხელისუფლება ომბუდსმენის პანსიონში შესვლის აუცილებლობაზე ალაპარაკდა
რამდენიმე თვიანი უმოქმედობის შემდეგ ხელისუფლება დღეს ამბობს რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ სახალხო დამცველის აპარატს ნინოწმინდის პანსიონში შესვლის საშუალება მიეცეს.
მმართველი პარტია დაგვიანებულ რეაგირებას არ აღიარებს და ირწმუნება, რომ შესაბამისი უწყებები პროცესში ჩართული არიან და ბავშვების საუკეთესო ინტერესები დაცულია.
მმართველი პარტიის წევრი, სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველს ბავშვთა სახლში შესვლის უფლება აქვს:
სახალხო დამცველს ბუნებრივია, უფლება აქვს და აუცილებლად უნდა შევიდეს... როგორც კი სახალხო დამცველს არ ეძლევა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში, ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია ", - აღნიშნავს სუბარი.
დავით სერგეენკოს თქმით, მნიშვნელოვანია სააღმზრდელო დაწესებულებაში სპეციალისტები შევიდნენ და შეისწავლონ არსებული მდგომარეობა.
სახალხო დამცველს აქვს ამის (შესვლის) უფლება, მაგრამ ამასაც თავისი პროტოკოლი აქვს. უნდა შევიდეს სპეციალისტებთან ერთად. ერთჯერადი შესვლა შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ მზაობა, რომ თუნდაც ჯანდაცვის კომიტეტის წევრები შევიდნენ სპეციალისტებთან ერთად, თუმცა ამას ჯერ-ჯერობით შედეგი არ მოჰყოლია"- თქვა სერგეენკომ.
დეპუტატის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე მოვლენებზე ამ ეტაპზე ვინმესთვის ბრალის წაყენება არასწორი იქნება.
არასწორი იქნება ვინმეზე ბრალის წაყენება. ერთადერთი სწორი და შედეგიანი გამოსავალია ამ საქმისთვის პროფესიონალების, ვისაც ევალება და იცის, როგორ გააკეთოს - მათი შესვლა და შესწავლა", - აცხადებს სერგეენკო.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში სახალხო დამცველი აღნიშნულ დაწესებულებაში შეძლებს მონიტორინგის განხორციელებას.
მისივე განცხადებით, ჩარევა უნდა მოხდეს ისე, რომ ბავშვების ინტერესი არ დაზიანდეს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა,
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს აქვს კონტროლის შესაძლებლობა, თუმცა ეს თავისთავად არ ანაცვლებს ომბუდსმენის მხრიდან მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას და ამ კუთხითაც დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ეს საკითხიც გადაწყდება.
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებები და ბავშვები. ჩარევაც უნდა იყოს იმგვარი, რომ თავად ბავშვების ინტერესი არ დაზიანდეს. ასე რომ, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია, იყოს კონტროლი და მონიტორინგი, მათ შორის ომბუდსმენის მხრიდან, იქ არსებულ პირობებზე და მეორე მხრივ, ჩარევა უნდა მოხდეს ისე, რომ ბავშვების ინტერესი არ დაზიანდეს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია მედიის როლიც. ამ საკითხს არ სჭირდება აჟიტირება", – განაცხადა პაპუაშვილმა.