ყველა კითხვა უნდა გაჟღერდეს როგორც აქციაზე, ასევე სხდომათა დარბაზში - მეტრეველი წულუკიანის წლიურ ანგარიშზე
"არა ცენზურას!", "კულტურა ცოცხალი და დამოუკიდებელია!" - "ლელოს" წევრი, დეა მეტრეველი ხვალ, 20 სექტემბერს, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას ეხმიანება.
ცნობილია, რომ კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მოსმენის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ.
დეა მეტრეველის თქმით, ყველა კითხვა უნდა გაჟღერდეს როგორც აქციაზე, ასევე სხდომათა დარბაზში დეპუტატების მიერ.
კულტურის სამინიტრომ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დახურულ და ჩაკეტილ უწყებად ჩამოყალიბდა, სრულად შეწყვიტა კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რომელსაც მასთან მრავალი კითხვა დაუგროვდა რეპრესიული საკადრო პოლიტიკის, ნგრევის პირას მიყვანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თუ გაუმჭვირვალე მმართველობასთან დაკავშირებით. ეს კითხვები არსებობს და მათზე პასუხებს ელის საზოგადოება.
20 სექტემბერს კულტურის მინისტრის პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგენის პარალელურად ხელოვანების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია ამის ნათელი დასტურია. ყველა კითხვა უნდა გაჟღერდეს როგორც აქციაზე, ასევე სხდომათა დარბაზში დეპუტატების მიერ, რომლებიც მოსახლეობის ხმას წარმოადგენენ საკანონმდებლო ორგანოში. გთხოვთ თუ გაქვთ კონკრეტული კითხვები, რომლებიც თვლით, რომ აუცილებლად უნდა დაუსვათ მინისტრს, პირადში ან აქვე კომენტარად მომწერეთ, რათა ოპოზოციონერ დეპუტატებს მივაწვდინოთ მინისტრის რომ დაუსვან საჯაროდ"- წერს მეტრეველი.
20 სექტემბერს, 18:00 საათზე პარლამენტთან ხელოვანები აქციას გამართავენ.