სააკაშვილის შემოგდება ქვეყანაში, როგორც „განუბაჟებელი ტვირთი“, ემსახურება აქტორებს, რომლებიც არეულობის ორგანიზებაში არიან მხილებული - კალაძე

19.09.23 14:06
სააკაშვილის შემოგდება ქვეყანაში, როგორც „განუბაჟებელი ტვირთი“, ემსახურება აქტორებს, რომლებიც არეულობის ორგანიზებაში არიან მხილებული - კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი თავს უკრაინას ესხმის და მათ საქართველოში არეულობის შემოტანის მცდელობაში ადანაშაულებს. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილიც საქართელოში სწორედ ამ მიზნით გამოაგზავნეს. 

მინდა, სუს-ის წარმომადგენლებს მივმართო, აუცილებლად გაასაჯაროონ და ისაუბრონ, თუ როგორ დააკავეს ქვეყანაში უკრაინის შვიდი შეიარაღებული მოქალაქე; ისაუბრონ უკრაინის ზღვით შემოსულ მოქალაქეზე, რომელიც დააკავეს; ისაუბრონ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი მოთხოვნით იყო ეს ადამიანები გათავისუფლებული. სააკაშვილის „შემოგდება“ ქვეყანაში, როგორც „განუბაჟებელი ტვირთი“, როგორ ფიქრობთ, ვის მიზნებს ემსახურებოდა? რა იყო ამ ყველაფრის მთავარი მიზანი? ყველაფერი ცხადი და ნათელია: აქტორები, რომლებიც ამ ყველაფრის ორგანიზებაში არიან ჩართული, ადრე ცდილობდნენ, დემოკრატიის ნიღბით ემოქმედათ, განცხადებები გაეკეთებინათ, თუმცა დღეს ეს ნიღაბი ჩამოხსნილი აქვთ და ვიცით რას წარმოადგენენ, ვინ არიან, რისი მკადრებლები არიან. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ყველა შესაბამისი უწყება მზადაა, განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები იმისთვის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე ამტკიცებს, რომ რევოლუციებმა საქართველოს განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა, თუმცა მოქმედი ხელისუფლება ამას აღარ დაუშვებს. 

პატარა ბავშვი ვიყავი, თუმცა დღესაც მახსოვს და ვიცი, რამხელა უბედურების მომტანია სისხლიანი დაპირისპირებები, გადატრიალებები და რევოლუციები. დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ჭრილობები, რომლებიც ამ ყველაფრისგან მივიღეთ. წლობით დახია ჩვენი ქვეყანა უკან ასეთმა ქმედებებმა. დღეს შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, ჩვენი შვილები, მომავალი თაობები არ გვაპატიებენ ამას. სახელმწიფოს ყველა შესაბამისი უწყება მაქსიმალურად მობილიზებულია. მოსახლეობის უმრავლესობის განწყობაც ვიცით, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში შენარჩუნდეს სიმშვიდე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი სიახლეები