"ქართულ ოცნებასაც" არ უნდა მერად - ოპოზიცია კალაძის შესაძლო წასვლაზე

10.03.21 17:50
"ქართულ ოცნებასაც" არ უნდა  მერად - ოპოზიცია კალაძის შესაძლო წასვლაზე

კახი კალაძის „ქართული ოცნების“ რიგებიდან შესაძლო წასვლის შესახებ ოპოზიციაშიც საუბრობენ. პარტია „ტრიბუნას“ წევრი, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ  კალაძესთან თანამშრომლობა აღარც მმართველ გუნდს სურს, ვინაიდან ის თავისი შერბილებული განცხადებებით ხელისუფლებას ემიჯნება.

ჭიჭინაძის თქმით, კალაძეს რეპუტაცია მის უწყებაში არსებული კორუფციის გამო შეელახა.

აღარც „ქართულ ოცნებას“  არ უნდა კალაძე მერად იმიტომ, რომ რეალურად ის უკვე ამ პოლიტიკურ გუნდს ემიჯნება. თავისებურ განცხადებებს აკეთებს, რომელიც არ არის ისეთი რადიკალური, როგორიც ადრე იყო. ხელმძღანელს  მის უწყებაში როდესაც კორუფციის ნიშნებით და კორუფციის გამო უპატიმრებენ თანამშრომლებს, ეს მის რეპუტაციას ყოველთვის ანგრევს, იმიტომ, რომ თევზი თავიდან ყროლდება, - ამბობს ჭიჭინაძე.

ოპოზიციის წევრი ასევე ამბობს, რომ კახი კალაძე „ოცნებაში“ პირველი ვერასდროს იქნება, რაც მისი პარტიიდან წასვლას განაპირობებს.

დღეს პარტიაში საერთოდ ღარიბაშვილი არის მოყვანილი, რომელიც მთავარი ფიგურაა და ღარიბაშვილთან კალაძეს ძალიან მძიმე წარსული აკავშირებს. მან დაინახა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ის პირველი ვერასდროს ვერ გახდება და ამიტომ პერსპექტივა აქ დაწინაურების არ აქვს, - ამბობს დავით ჭიჭინაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის, განცხადებით, კალაძემ ბერა ივანიშვილს მხარდაჭერა არ გამოუცხადა, რასაც ბიძინა ივანიშვილი არ აპატიებს. ამასთან ერთად,  კალაძე კორუფციაში იმდენად არის ჩაფლული, რომ მასზე ზეგავლენის მოხდენა ადვილია.

"ქართული ოცნებიდან"  სავარაუდოდ, კალაძე ვერ იქნება კანდიდატი და ამის საფუძველს მაძლევს რა? რომ ბერას და კალაძის ფოტო ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში მე არ შემხვედრია. ანუ კალაძემ ფაქტიურად, მხარდაჭერა არ გამოუცხადა ბერა ივანიშვილს. ეჭვი მაქვს, რომ ბიძინა ამას არ აპატიებს კახი კალაძეს. კალაძე ცდილობს ახლა, რაღაცნაირად მოძლიერდეს, თუმცა იმდენად კორუფციაშია ყელამდე  ახლა ეს კაცი, იმდენად ბევრი აქვს მოპარული, რომ ძალიან მარტივია მასზე ზეგავლენის მოხდენა. თუ ის საბოლოო ჯამში ძალოვან უწყებებთან ვერ დალაგდება, მისი კანდიდატურა თამამად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ გამორიცხულია, - აცხადებს ხაბეიშვილი.