გახარიას ქმედება იყო სახელმწიფოს ღალატი - ივანიშვილი ექსპრემიერის წინააღმდეგ

07.06.21 11:03
გახარიას ქმედება იყო სახელმწიფოს ღალატი - ივანიშვილი ექსპრემიერის წინააღმდეგ

მმართველი პარტიისა და უმაღლესი თანამდებობიდან დემარშით წასულ გიორგი გახარიას "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ღიად უპირისპირდება. 

ექსპრემიერი მისივე ხელდასმულ გახარიას ღალატში ადანაშაულებს: 

თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა და მოღვაწეობა. როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია. მინდა, მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია"- აცხადებს ივანიშვილი. 

ექსპრემიერი გახარიას პოლიტიკურ გუნდზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერის პარტიას არა აქვს არავითარი იდეოლოგიური, თუ კონცეპტუალური საფუძველი:

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია - ზოგი ჭირი მარგებელია. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირი შეიცვალა, სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას"- წერს ივანიშვილი.