ივანიშვილი ამბობს, რომ გახარია "ქართულ ოცნებას" ხმებს ვერ წაართმევს

07.06.21 11:24
ივანიშვილი ამბობს, რომ გახარია "ქართულ ოცნებას" ხმებს ვერ წაართმევს

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარიას მიერ მმართველი პარტიის დატოვებასა და ახალი პარტიის ჩამოყალიბებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ გახარია "ქართულ ოცნებას" ხმებს ვერ წაართმევს: 

მის პარტიას არა აქვს არავითარი იდეოლოგიური, თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად. 

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია – ზოგი ჭირი მარგებელია. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირი შეიცვალა, სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას"- აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.