"ჩემს შვილს უთხრეს, ღამით მშობლებიანად გამოგწვავ სახლშიო" - სკოლის მოსწავლის დედა დუმილს არღვევს

30.09.23 13:03
"ჩემს შვილს უთხრეს, ღამით მშობლებიანად გამოგწვავ სახლშიო" - სკოლის მოსწავლის დედა დუმილს არღვევს

ფსიქოლოგიური ტერორის ერთი წელი - მუქარის მსხვერპლი სკოლის მოსწავლის ოჯახი დუმილს არღვევს.  გოგონას დედა ამტკიცებს, რომ მის შვილს უკვე წლებია თანაკლასელები ამცირებენ და ემუქრებიან. ბოლო წვეთი კი წერილი და ბასრი საგანი აღმოჩნდა.

სკოლის ჩანთაში ნანახი ნივთები მოზარდმა, როგორც ირკვევა, დედას აჩვენა და შველა ითხოვა. 

ეს ფაქტი, სადღაც ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ჩემი შვილი ამ სკოლაში გადმოვიდა, მაგრამ ისეთი მძაფრი რეაქცია არ მქონია, რადგან ჩავთვალე, რომ ბავშვური გოგოების მიმართ გაურკვევლობა იყო და მოგვარდებოდა. წყენა ჩემს შვილს 10 დღის უკან გაუხსენეს. სახლში მოვედი და ჩემი პატარა შვილი მეუბნება, რომ საქმის გასარჩევად გაიყვანეს ჩემი შვილი. ჩავჯექი მანქანაში და გავიქეცი იქ, სადაც ჩემი შვილი ჰყავდათ. ჩემს შვილს ვუთხარი, დროზე ჩაჯექი მანქანაში-თქო და გოგოებს ვუთხარი, ამხელა გოგოებს ნუთუ არ გრცხვენიათ და მეტი საქმე არ გაქვთ-თქო. გამომყვნენ და ჩვენი მისამართით რეპლიკებს ისროდნენ. მერე ინსტაგრამის ლაივშიც გასულან, მომიხსენიებენ გოიმად, ჩემს შვილს ბინძური სიტყვებით. უთხრეს, რომ თუ ვინმეს გაანდობ ამ ამბავს, ღამით მშობლებიანად სახლში გამოგწვავო, შეეშინდა ბავშვს და მითხრა ყველაფერი. მივედი დირექციაში და ვუთხარი, ჩემი შვილი საფრთხის წინაშეა_თქო. მითხრეს, რომ ჩვენ მოვაგვარებთ ყველაფერსო. ჩანთას რომ ალაგებდა ჩემი შვილი, უნახავს ის ფურცელი, რომლის ტექსტიც ალბათ ყველამ იცით. ცრემლიანი მეუბნება, ან სკოლიდან გადამიყვანე ან მიშველე რამე და მაწვდის ფურცელს". - ამბობს მშობელი.

ბულინგი, მუქარა და დამცირება - მეცხრე კლასელ გოგონას, სავარაუდოდ, საკუთარი თანაკლასელები აშანტაჟებენ. უმძიმესი ფაქტი ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში ხდება.

სოციალურ ქსელში, ვირუსულად გავრცელდა წერილი, რომელიც გოგონას სასკოლო ჩანთაში სავარაუდოდ თანატოლმა დაუტოვა.  წერილის შინაარსი მძიმე მოსასმენია.

გელათის საჯარო სკოლის ფაქტზე შსს-ს გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები