არაფორმალური მმართველობა და სასამართლო კლანი - ფილიპ რიკერი არასამთავრობო სექტორს ხვდება

07.06.21 13:19
არაფორმალური მმართველობა და სასამართლო კლანი - ფილიპ რიკერი არასამთავრობო სექტორს ხვდება

არასამთავრობო სექტორი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს, ფილიპ რიკერს, ხვდება, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.  რიკერთან მესამე სექტორი რამდენიმე საკითხს განიხილავს, მათ შორის იქნება 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაცია და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი. 

"საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი  დირექტორი, ეკა გიგაური, ამბობს, რომ ფილიპ რიკერთან იმ საკითხებს განიხილავენ, რომელიც ქვეყანაში პრობლემურია, ესენია სასამართლო რეფორმა, კორუფცია და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი. 

ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ. მათ შორის სასამართლო, კორუფცია არის სერიოზული გამოწვევა დღეს ქვეყანაში. ჩემი მთავარი კითხვა ალბათ ის იქნება, რა შეიძლება, გავაკეთოთ ჩვენ ქართველებმა, რომ საქართველო უახლოეს ნატო-ში გაწევრიანდეს. 

მთავარი არის, რომ შარლ მიშელის გაწერილი არამარტო კანონმდებლობა მივიღოთ,  არამედ აღვასრულოთ ეს წესიერად", - ამბობს ეკა გიგაური. 

"საიას" თავმჯდომარის,  ნიკა სიმონიშვილის, თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის შესახებ გააცნობენ და ყურადღებას რეფორმების აუცილებლობაზე გაამახვილებენ. 

ჩვენთვის უცნობია, რაზე იქნება საუბარი, თუმცა ჩვენი მხრიდან საუბარი იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ შარლ მიშელის შეთანხმება სწორად უნდა შესრულდეს და გადაიდგას რეფორმებისთვის ნაბიჯები.  ეს რეფორმები უნდა შეეხოს სასამართლო სისტემას, საარჩევნო სისტემას, ჩვენი მხრიდან ამაზე იქნება საუბარი", - ამბობს ნიკა სიმონიშვილი. 

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე, ამბობს, რომ  ამერიკელ დიპლომატთან საუბრის მთავარი თემა 19 აპრილის შეთანხმების შესრულება იქნება. 

შეხვედრის დროს დავაყენებთ რეფორმების საკითხებს, როგორ მიმდინარეობს 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ , ხდება თუ არა იმპლემენტაცია, რა როლი აქვს პოლიტიკურ პარტიებს და სახელმწიფოს და ყველა იმ გამოწვევაზე ყურადღებას გავამახვილებთ, იმისათვის რომ 2021 წლის არჩევნებამდე მოესწროს განხორციელება. მათ შორის, მართლმსაჯულების რეფორმაზე ვისაუბრებთ", - ამბობს ნინო დოლიძე.