ასეთ დროს გადადგომა ბრძოლის ველის დატოვებაა - ნათია თურნავა ექსპრემიერზე

07.06.21 13:18
ასეთ დროს გადადგომა ბრძოლის ველის დატოვებაა - ნათია თურნავა ექსპრემიერზე

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, ამბობს, რომ გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის სახელს იყენებს. მისი თქმით, სწორედ ამას მოჰყვა „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის განცხადებაც, სადაც ის განმარტავს, რომ გიორგი გახარია მისი პროექტი არ არის. 

თურნავა გიორგი გახარიას გადადგომას ბრძოლის ველის დატოვებად აფასებს. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბატონი გახარიას, პარტია იყენებს მის სახელს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელს და თითქოს ასე აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას, რომ ის არის ე.წ. ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და ამიტომაც მოხდა ასეთი მკვეთრი შეფასებების მიცემა. გადადგომა მოხდა საკმაოდ დინამიურ და რთულ მომენტში, როდესაც იყო პოლიტიკური დაძაბულობა, პოლიტიკური კრიზისი. ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელისუფლებო გუნდს მთლიანად და რა თქმა უნდა, მის ხელმძღვანელს, ბატონ პრემიერ-მინისტრს, ასეთ დროს გადადგომა- ეს არის ბრძოლის ველის დატოვება, - ამბობს თურნავა.  
 

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმდჯომარე ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გიორგი გახარია მისი პროექტი არ არის და მეტიც, ყოფილი პრემიერი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა.