პრემიერის ანგარიში და ოპოზიციის კითხვები - პარლამენტი ღარიბაშვილის დოკუმენტს განიხილავს

07.06.21 13:32
პრემიერის ანგარიში და ოპოზიციის კითხვები - პარლამენტი ღარიბაშვილის დოკუმენტს განიხილავს

3 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის 151 გვერდიან დოკუმენტს განიხილავენ. ამის შემდეგ გადაწყდება, როდის მოვა პარლამენტში პრემიერ-მინისტრი. ოპოზიციას ღარიბაშვილთან მწვავე კითხვები აქვს. 

"ლელოს" დეპუტატის, სალომე სამადაშვილის, მთავარი შეკითხვები პანდემიის მართვასა და სიღარიბეს შეეხება. 

მე ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს რომ ვკითხოთ, პრემიერი რაზე უნდა ამახვილებდეს ყურადღებას, აქ არის ორი მთავარი თემა. ერთი ეს არის პანდემიის მართვა. ჩვენ გვაქვს  სავალალო მდგომარეობა, დაბალი მაჩვენებელი, რაც გვაქვს ვაქცინაციის და სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მეორე საკითხია სრული ეკონომიკური კატასტროფა, როცა ხელისუფლება გველაპარაკება ეკონომიკურ ზრდაზე და ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ ყველა ფენა ყოველდღიურად ღარიბდება, ეს არის თემები, რაზეც გვექნება შეკითხვები პრემიერ-მინისტრთან", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

"სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, პრემიერთან მწვავე კითხვების დასასმელად ემზადება, მათ შორის იქნება სიღარიბე და სოციალური პრობლემები.

ქვეყანაში არის შიმშილი, უმუშევრობა, ხალხი გარბის ქვეყნიდან, ინვესტიციები არ შემოდის, კორუფცია იზრდება, რაიონებში ჭიათურის მაცხოვრებლები შიმშილობენ, უამრავი საკითხია, ნინოწმინდის ბავშვთა სახლის საკითხი.  ყველა ამ თემაზე გვექნება ძალიან მძიმე შეკითხვები პრემიერ-მინისტრთან, მათ აღარ ექნებათ ეს მარტივი ცხოვრება, რომელიც აქამდე იყო", - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს საგარეო საფრთხეა, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დაუსვამს ის კითხვებს მთავრობის მეთაურს. ასევე მთავარი სასაუბრო საკითხი იქნება პანდემია.

ყველაზე დიდი გამოწვევები, რაც გვაქვს, ეს არის საგარეო საფრთხეებთან მიმართებით, კონფლიქტებთან მიმართებით, გრძელდება ყოველდღიურად სამწუხაროდ, პროვოკაციები ოკუპაციის ზოლზე. ამავდროულად, რა თქმა უნდა, პანდემიამ თავისი გავლენა იქონია ეკონომიკაზე, მაგრამ ეს გავლენა ნაკლები იქნებოდა, მთავრობას რომ უფრო ეფექტურად ემოქმედა, უფრო ეფექტური მოქმედების შემთხვევაში, გონივრული დაგეგმვის შემთხვევაში გვექნებოდა  ნაკლები ზიანი პანდემიის მხრიდან, ვგულისხმობ ეკონომიკას", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.