ირაკლი კობახიძის სკანდალური განცხადება - გახარიას გუნდი გამოძიების დაწყებას ითხოვს

07.06.21 14:13
ირაკლი კობახიძის სკანდალური განცხადება - გახარიას გუნდი გამოძიების დაწყებას ითხოვს

პარტიმ "საქართველოსთვის" "ქართული ოცნების" გენერალური მდივანის, ირაკლი კობახიძის, ბრალდებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასა და სუს-ს მიმართა.

საუბარია მიმდინარე წლის 4 ივნისს, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით გაკეთებლ განცხადებაზე, სადაც მმართველი პარტიის ლიდერმა თქვა, რომ  მიმდინარე წლის თებერვალში მზადდებოდა შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად, რაში თანამონაწილეობისთვისაც ბრალი დასდო იმ დროისთვის ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს - გიორგი გახარიას. 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.

მასმედიაში ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს შესაძლო მძიმე დანაშაულის ნიშნებს, რაშიც ეს უკანასკნელი ამხელს ყოფილ პრემიერ მინისტრს, მოქმედ პოლიციელებსა და ჯარისკაცებს.

აღნიშნული ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს, გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზიანს აყენებს პოლიციასა და თავდაცვის ძალებს, სახელმწიფოს შიდა უსაფრთხოებასა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

გარდა აღნიშნულისა, როგორც ირაკლი კობახიძის ინტერვიუდან ირკვევა, ის უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში ფლობდა ამ ინფორმაციას, რაზეც რეაგირება არ მოუხდენია მაშინ, როდესაც ამის სამართლებრივი ვალდებულება გააჩნდა, რადგან დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული, წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დასჯად ქმედებას.

აღნიშნული ინფორმაციის, ირაკლი კობახიძის მიერ 4 ივნისის ეთერში გაჟღერება საეჭვოდ ემთხვევა მმართველი პარტიის ამჟამინდელი ლიდერების თითქმის 4 თვის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს, რომელთა თანახმად, ისინი ელოდებოდნენ გიორგი გახარიას პოლიტიკაში გააქტიურებას, მის პოზიციონირებას და მხოლოდ ამის საფუძველზე გააკეთებდნენ შეფასებებს, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში გაჟღერებული ეს ბრალდებები, შესაძლოა, პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციასა და პოლიტიკური ნიშნით მის დევნას ემსახურებოდეს"- აცხადებენ გახარიას გყუნდში და მთავარ მოთხოვნებს  აჟღერებენ: 

-         დაიწყოთ გამოძიება მასმედიაში გასულ შესაძლო დანაშაულის შემცველ ინფორმაციაზე.

-         გამოძიება ჩატარდეს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.

-         გონივრულ, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში გაეცეს პასუხი მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმდჯომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს აქვს თუ არა რაიმე საფუძველი, რადგან ყოველი დაგვიანებული დღე აზიანებს ჩვენი პოლიციისა და თავდაცვის ძალების ავტორიტეტს, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე და მართლწესრიგზე.

-         გაჟღერებული ბრალდებების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, მოხდეს იმ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა, რომელთაც მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, შესაძლოა, ცრუ დასმენა განახორციელეს - ნათქვამია განცხადებაში.