შეხვედრაზე საუბარი შეეხო დემოკრატიულ რეფორმებს - ღარიბაშვილი რიკერს შეხვდა
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი დღის წესრიგის ყველა ძირითად საკითხს. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. მაღალი შეფასება მიეცა 19 აპრილის შეთანხმებას. პრემიერ-მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული პოზიცია ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა მზაობას, გაგრძელდეს ყველა დემოკრატიული რეფორმა, რომელიც გაამყარებს ქვეყნის მდგრადობას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მისასალმებელია მრავალპარტიული პარლამენტის აღდგენა. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებით გაესვა ხაზი მთლიანი პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას ყველა მონაწილე მხარის მიერ", - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფილიპ რიკერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში დღეს ჩამოვიდა. რიკერმა უკვე გამართა შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებსი წარმომადგენლებთან, მათ შორის მედიის სფეროში მომუშავე NGO-ებთან.