პოლიტიკური საქმეები, ნატო-ში გაწევრიანება, უსაფრთხოება და რუსეთის აგრესია - ოპოზიცია ფილიპ რიკერს ხვდება

07.06.21 20:37
პოლიტიკური საქმეები, ნატო-ში გაწევრიანება, უსაფრთხოება და რუსეთის აგრესია - ოპოზიცია ფილიპ რიკერს ხვდება

იქნება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანთან ფილიპ რიკერთან საუბარი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარტია დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, თუმცა პარლამენტში შევა. 

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება რუსეთის მზარდ აგრესიას როგორც საქართველოს შიგნით, ასევე რეგიონში.

„ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება ამ შეხვედრაზე დაწყებული უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობით, გაგრძელებული უსაფრთხოებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში. რუსეთის გავლენის ზრდასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რეგიონში, რომელიც არის შემაშფოთებლად მაღალი და მზარდი, ამიტომ საკითხები არ იქნება უბრალოდ საკითხებისთვის. საკითხებთან ერთად ოპოზიცია მზად არის სტრატეგიულ პარტნიორებთან ისაუბროს არა მხოლოდ პრობლემების სტილში, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებებიც არსებობს საკითხების. ვფიქრობ, რომ ახლა ისე, როგორც არასდროს, არსებობს უდიდესი პოტენციალი, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრები საერთაშორისო თანამეგობრობის სახით, ქართველ ხალხთან დადგნენ ისე ახლოს, როგორსაც თითოეული პატრიოტი ქართველი ისურვებდა. ეს დიდი შესაძლებლობები და პერსპექტივები გახსნილია. ბევრი რამ ამ შემთხვევაში დამოკიდებულია დემოკრატიულ ოპოზიციაზე და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ შანსის მაქსიმალური კაპიტალიზება უნდა მოვახდინოთ“, -განაცხადა მელიამ.

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა - ეს ის საკითხებია, რომელზეც დავით ბაქრაძე  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანთან გაამახვილებს ყურადღებას. 

ბუნებრივია, ვისაუბრებთ ჩვენს ტრადიციულ თემებზე, როგორიც არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, საქართველოს უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ არ დაგიმალავთ, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ განვითარებას, მათ შორის საარჩევნო/სასამართლო რეფორმის საკითხებს, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხს, მედიის თავისუფლებას ანუ ყველა იმ თემას, რომელიც დღეს შიდა დღის წესრიგში დგას და რომელთა დიდი ნაწილიც ასახულია პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტშიც“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ხათუნა სამნიძე აღნიშნავს, რომ  ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე ისინი ოკუპაციაზე, უსაფრთხოებაზე, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებთან ერთად ქვეყნის შიგნით არსებულ მძიმე გამოწვევებზე ისაუბრებენ:

ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის დღის წესრიგში არსებული საკითხები: მართლმსაჯულება, სადაც ბუნებრივია ჩვენ წამოვწევთ ისეთ თემებს, რომელიც ნიკა გვარამიას, გიგი უგულავას უკავშირდება ანუ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს, რომელიც დღესაც დღის წესრიგშია. ის რომ ამ ტიპის გზავნილები და ვიზიტები არის ინტენსიური და სისტემატური, მოწმობს რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს შეასრულოს ეს ვალდებულებები, რასაც ხელი მოაწერა. ვიზიტები განცხადებები მოწმობს, რომ ამ პროცესს ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან დაკვირვებით ადევნებენ თვალს, არ აპირებენ ზურგი შეაქციონ ქვეყანას", - განაცხადა სამნიძემ.