მსოფლიო ბანკმა საქართველოს ვაქცინების შესაძენად 34.5 მილიონი დოლარი გამოუყო

08.06.21 11:09
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ვაქცინების შესაძენად 34.5 მილიონი დოლარი გამოუყო

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ვაქცინების შესაძენად 34.5 მილიონი დოლარი გამოუყო. 

ცნობილია, რომ თანხა საქართველოსთვის 2020 წლის მარტში გამოყოფილ 80 მილიონს დაემატება, რომელიც მსოფლიო ბანკმა პანდემიის ზემოქმედების შერბილების მიზნით გამოჰყო.

დამატებითი დაფინანსების ძირითადი ამოცანებია COVID-19-ის ვაქცინების თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველჰყოფა, საქართველოს ვაქცინაციის სისტემის გაძლიერება ვაქცინის ეფექტური გამოყენების ხელშესაწყობად, და ასევე, COVID-19-ზე საპასუხო ღონისძიებების განმტკიცება.

მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იყო, რომელმაც საქართველოს კრიზისის დაწყებისთანავე აღმოუჩინა მხარდაჭერა COVID-19 -ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის საშუალებით. ახლა, ამ დამატებითი დაფინანსებით ჩვენ მთავრობას ვაქცინაციის გეგმის რეალიზაციაში დავეხმარებით. პანდემია, უპირველეს ყოვლისა, დიდ ტვირთად დააწვა ქვეყნის ეკონომიკას, მის ხალხს და საწარმოებს, ამდენად, ვაქცინაციის ძლიერი გეგმა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს სწრაფი და მდგრადი აღდგენისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის" - აცხადებს მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის, თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის 34.5 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დამატებით დაფინანსების გამოყოფა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს გლობალური პანდემიის კონტექსტში, როდესაც ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებას, იმუნიზაციას და მიზნობრივ სოციალურ დახმარებას სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მსოფლიო ბანკისგან პანდემიის დაწყებისთანავე სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო 80 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის მოქალაქეების დახმარებაში. კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო მადლიერება ჩვენი პარტნიორების მიმართ ყოველი ძალისხმევისთვის, რომელიც მათ ჩვენთან ერთად განახორცილეს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - განაცხადა მინისტრმა.