მაქვს ინფორმაცია, რომ კანონი გაგზავნილია უკვე პრეზიდენტთან - დეკანოიძე კარვების კანონზე
საპარლამენტო დეპუტატის ხატია დეკანოიძე "დღის ამბებთან" ამბობს, რომ კარვების კანონი, რაზეც კობახიძე ამტკიცებს, რომ პრეზიდენტს არ გადაუგზავნიან და ისე შევა ძალაში, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციას უკვე აქვს პარლამენტისგან მიღებული.
საქმე ეხება, შეკრებისა და მანიფესტაციის ახალ კანონპროექტს, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენლის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავარსარდლის ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში.
ხატია დეკანოიძე მიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტთან კანონი არ გაიგზავნება, ეს კონსტიტუციის მკაცრი დარღვევა იქნება.
მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს კანონი გაგზავნილია უკვე პრეზიდენტთან, ამ წუთას სხვა ინფორმაციას არ ვფლობ. მაგრამ თუ დავუშვათ, მართლა გადაწყვიტა "ქართულმა ოცნებამ" და ეს არ რის უგემოვნო პროპაგანდა და ხუმრობა, რომელიც ახასიათებს ავტოკრატიულ მმართველობას, მე ვფიქრობ, რომ ეს არის დაუშვებელი და მათი მხრიდან ყველანაირ ჩარჩოს გარეთ გასვლა. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" არ გაუგზავნის პრეზიდენტს კანონს. აშკარად, კონსტიტუციის დარღვევას აქვს ადგილი და ეს არის კიდევ ერთხელ იმის გამოვლინება, რა წყობაც გვაქვს საქართველოში ოლიგარქიული კლეპტოკრატია, პარანოიდშეპყრობილი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის და იმ ადამიანების მართვა, რომლებიც ერთობიან ჩვენი მოქალაქეების ბედით - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.