გავედით მარილზე, ჩავბარდით პატრონს - ეს სიტყვები ,,ენმ"-ს შეეფერება - მიხეილ სარჯველაძე

08.06.21 14:18
გავედით მარილზე, ჩავბარდით პატრონს - ეს სიტყვები ,,ენმ"-ს შეეფერება - მიხეილ სარჯველაძე

"სად ვართ, ერთაოზ? გაღმა. სად გაღმა? მარილზე, ჩავბარდით პატრონს" - ,,ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ, ,,ნაცმოძრაობის" გადაწყვეტილება  რეზო გაბრიაძის პერიფრაზით ახსნა.

როგორც სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, "ენმ"-ს საპარლამენტო ბოიკოტის მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა.

მენანება, ქრისტეფორესა და ერთაოზის ,,ენმ" -სთან შედარება გავაკეთო, მაგრამ სიტყვები ვითარებას კარგად მიესადაგება. გაბრიაძის უკვდავი ნაწარმოების ფინალს შეგახსენებთ: ,, როცა ყველაფერი მოიფრინეს, შემდეგ ზევით ზევით იწყეს სვლა. .. სად ვართ, ერთაოზ? გაღმა. სად გაღმა? მარილზე, ჩავბარდით პატრონს. 

რაღაც ანალოგი იგრძნობა ,,ნაცმოძრაობის" სტრატეგიაში, მიმდინარე პროცესებსა და ამ სიტყვებს შორის. რაც მთავარია, ,,ენმ" სწორ გზას ადგას ახლა. გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ ახლა, რომ ფუჭი აღმოჩნდა მათი 6 თვიანი მცდელობა, რომ რამენაირად წყალი აემღვრიათ და თევზი მოენადირებინათ. ასევე გვიან მიხვდნენ, რომ უნიჭოდ დაგეგმილი ფოკუსის არსს ყველა მიუხვდა და ამის განმეორების მცდელობა განწირულია. ასევე გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ მატარებელი მათ გარეშე დაიძრა და სხვებმა დაიკავეს მათ მიერ ოკუპირებული ადგილები. გვიან ალბათ მიხვდებიან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა მოუწევთ. თორემ თავად დოკუმენტი გააფორმებს მათ ფიასკოს. - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღეს საკანონმდებლო ორგანოში ,,ნაციონალური მოძრაობა" შედის. 6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია პარლამენტში შევა, მაგრამ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებს.