გუშინ ჩვენ ვნახეთ შეშინებული „ქართული ოცნება“ - ზაალ უდუმაშვილი

09.06.21 11:28
გუშინ ჩვენ ვნახეთ შეშინებული „ქართული ოცნება“ - ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი, ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ გუშინ მოიქცა ლაჩრულად, როდესაც მოულოდნელად პარლამენტის სხდომა დაასრულა. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ნიკა მელიასთვის თვალებში ჩახედვის შეეშინდა. 

გუშინ ჩვენ ვნახეთ შეშინებული „ქართული ოცნება“, რომელმაც სასწრაფოდ დახურა სხდომა და სახლში გაუშვა საკუთარი დეპუტატები მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ნიკა მელიასთვის არ მიეცათ საშუალება, რომ ტრიბუნაზე ასულიყო, თვალებში ჩაეხედა „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის და წარმოეთქვა თავისი სიტყვა. მაგრამ, ეს არის ერთი დღე, როდესაც ასე მოიქცნენ, ლაჩრულად. დღესაც მოვითხოვთ ანალოგიურს, თუ დღესაც შეცვლიან რეგლამენტს და სხვანაირად წაიყვანენ სხდომას, ხვალაც მოვითხოვთ.  არდადეგებს ხომ ვერ გამოაცხადებენ პარლამენტში?, - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობაში გუშინ უნდა ჩართულიყო, თუმცა როდესაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ, პარლამენტის თავმდჯომარემ სხდომა მოულოდნელად დაასრულა.