გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ! - ნიკა მელია პარლამენტში მივიდა
გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ!, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლამდე განაცხადა. ნიკა მელია მედიასთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. პოლიტიკოსის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობა ქვეყანაში ტრაგიკულია და მისი ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე თაობებს უკან სწევს.
„ქართული ოცნება“ გუშინდელი სხდომისთვის მზად იყო, თუ არა, მე ვფიქრობ, ეს საერთოდ არ არის საინტერესო. „ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვისთვის რომ არ არის მზად და არც ყოფილა არც ერთ ეტაპზე მისი ხელისუფლებაში ყოფნის, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, გულდასაწყვეტი და ტრაგიკული. ამიტომ, თითოეული დღე, რაც „ქართულ ოცნებას" მიტაცებული აქვს ქვეყნის მმართველობის სადავეები, ეს არის ტრაგედია ამ სახელმწიფოსთვის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის. ყოველდღიურ რეჟიმში ეს ხელისუფლება უკან სწევს თაობებს და ცლის ქვეყანას საქართველოს მოქალაქეებისგან, - განაცხადა მელიამ.
საპარლამენტო საქმიანობაში "ნაციონალური მოძრაობა" დღეიდან ჩაერთო. დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ამნისტიისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.