პარადოქსით იწყებენ საქმიანობას პარლამენტში - თალაკვაძე ,,ენმ"-ზე

09.06.21 13:32
 პარადოქსით იწყებენ საქმიანობას პარლამენტში - თალაკვაძე ,,ენმ"-ზე

პოლიტიკური დეზორიენტაციის კლასიკური მაგალითი,  - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი სამუშაო დღე პარლამენტში. თალაკვაძის თქმით, ,,ენმ"-მ საქმიანობა პარადოქსული განცხადებებით დაიწყო, როდესაც „ოცნებას“ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებაში დარჩენისკენ მოუწოდა. 

არჩილ თალაკვაძემ ,,ენმ"-ს შეახსენა, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეთანხმების დოკუმენტში სწორედ მათი მოთხოვნით იქნა შეტანილი. 

პარადოქსით იწყებენ საქმიანობას პარლამენტში, როდესაც თვითონ არ აქვთ ხელი მოწერილი შეთანხმებაზე და ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ დავრჩეთ შეთანხმების სულისკვეთებაში. ეს არის მე მგონი, პოლიტიკური დეზორიენტაციის კლასიკური მაგალითი. ამნისტიის კანონპროექტი, ნუ დაგავიწყდებათ, იმისთვის შეიტანა ევროკავშირმა ამ დოკუმენტში, რომ სწორედ თქვენთვის იყო ამ მოვლენების ფარგლებში აღძრული სისხლის სამართლის საქმეები პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და ამ პოლარიზაციის შემცირებისთვის იყო ეს მოწოდებული და არა „ქართული ოცნების“ მოთხოვნით, - განაცხადა თალაკვაძემ. 
 

საპარლამენტო საქმიანობაში "ნაციონალური მოძრაობა" დღეიდან ჩაერთვება. დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ორ კანონპროექტს განიხილავენ : ამნისტიისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტის  შესახებ კანონპროექტს.