გიორგი გახარიას გარეშე "ოცნება" არჩევნებში დაბალ პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს - გიორგი ხოჯევანიშვილი
„ქართული ოცნების“ ბრალდებებს გიორგი გახარიას გუნდში პასუხობენ. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი, იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ექსპრემიერმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ექსპრემიერის თანაპარტიელი მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს ცრუ ბრალდებებს უწოდებს და ამბობს, რომ ამის მიზეზი მათი გუნდის დისკრედიტაციაა.
ამასთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ ვრცლად ისაუბრა, თუ რა იყო რეალური მიზეზები მისი გადადგომის და რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, იყო სახელმწიფო ინტერესები, რათა ქვეყნისგან აეცილებინა ის სირცხვილი, რომელიც ჩვენ შემდგომში ვიხილეთ, ის რეპუტაციული შერყევა, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ, უცხოეთმა, ყველამ ნახა.
უნდა ითქვას, რომ ჩვენს მიმართ არსებული კითხვები, არის უსაფუძვლო და ეს არის ცრუ ბრალდებები, რომელსაც ადგილი აქვს და პრინციპში, ველოდებით, რომ მომავალშიც გაგრძელდება. ეს არის ერთადერთი იარაღი, რომელიც მათ ხელშია, რომ დაკავდნენ ცრუ ბრალდებებით, მოხდეს ჩვენი დისკრედიტაცია და რაიმე ფორმით შეძლონ ჩვენი რეპუტაციის შელახვა საზოგადოებაში, თუმცა ეს მეთოდები უკვე ნაცადია წარსულში და ქართული საზოგადოება არ მოტყუვდება, - ამბობს გიორგი ხეოჯევანიშვილი.
გიორგი გახარიას გუნდის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ გიორგი გახარიას გარეშე „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებს და რეპუტაცია შელახული აღმოჩნდება.
იმ გუნდის შედეგებზე, რომელმაც ბოლო არჩევნებში მიიღო 48%, თითოეულ ჩვენთაგანს აქვს დიდი წვლილი მიღებული და მათ შორის, ცალსახად და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს „ქართული ოცნების“ პირველი ნომერი და ლიდერი იყო გიორგი გახარია და მე წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ რამდენად შეელახება რეპუტაცია და რამდენად დაბალ პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებენ უკვე ამ არჩევნებში ასეთი ლიდერის არყოფნის პირობებში. აქ არის შიშის ფაქტორიც, რა თქმა უნდა, აქ არის ჩვენი დისკრედიტაციის ფაქტორიც, მაგრამ ეს ის პროცესია, რომელიც მათთვის სასიკეთო შედეგებს ნამდვილად არ გამოიღებს, - ამბობს ექსპრემიერის თანაპარტიელი.