ამნისტია არც ერთი მხარის სასარგებლოდ არ უნდა იქნას მიღებული - არჩილ თალაკვაძე

10.06.21 13:11
ამნისტია არც ერთი მხარის სასარგებლოდ არ უნდა იქნას მიღებული - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ამბობს, რომ ამნისტიის კანონპროექტი არც ერთი მხარის სასარგებლოდ არ უნდა იქნას მიღებული. მისი თქმით, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას და აღნიშნულ კანონპროექტთან  დაკავშირებით უთანხმოება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. მმართველი გუნდის წევრი ოპოზიციას „ოცნების“ კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდებს და მიშელის დოკუმენტით გათალისწინებული სხვა საკითხების განხილვაზე გადასვლას სთავაზობს.

ამნისტია უნდა იყოს მიღებული არც ერთი მხარის სასარგებლოდ. ის უნდა შეეხოს ყველა მხარეს და ამან უნდა შეძლოს უთანხმოების ფურცლის გადაშლა, ანუ ამ საკითხის დახურვა, რომ მომავალში 20-21 ივნისთან დაკავშირებული მოვლენები აღარ იყოს დაპირისპირების საგანი პოლიტიკურ პარტიებს შორის. ეს არის მიშელის შეთანხმების პირველი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ დროა, მივიღოთ ეს პროექტი და გადავიდეთ უფრო სერიოზულ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება, - ამბობს არჩილ თალაკვაძე.