აღმოჩენილია, სპეცსამსახურების შეფის შვილის სახელზე გაფორმებული ბიზნესი და ქონება - ჟურნალისტური გამოძიება
სპირტის ქარხანა, ვენახები და ღვინის წარმოება - აღმოჩენილია, სპეცსამსახურების შეფის შვილის სახელზე გაფორმებული ბიზნესი და ქონება.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველის სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების ქარხანა მცხეთის რაიონში მდებარეობს. ეს ქონება ანზორ ჩუბინიძის შვილის, 25 წლის მარიამ ჩუბინიძის სახელზეა გაფორმებული. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ქალიშვილი 2 კომპანიას ფლობს, ერთი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი "ზაქარო დისტილერია" და მეორე "ზაქაროს ვენახები", რომელიც ანზორ ჩუბინიძის ქალიშვილმა 2023 წლის 4 აპრილს დაარეგისტრირა.
ვინ არის სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესის რეალური მფლობელი, ბიზნეს იმპერია ანზორ ჩუბინიძის ქალიშვილმა ააშენა თუ, გავლენიანმა მაღალჩინოსანმა ქონება და ბიზნესი ქალიშვილის სახელზე გადამალა? - ჩუბინიძის დედა "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ სპეცსამსახურის პირველი პირ საწარმოს მართვაშია ჩართული და საგურამოში ჩასული ქარხანაში უფრო დიდ დროს ატარებს ვიდრე მშობლების სახლში.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანამხმად, საჯარო მოსამსახურეს სამეწარმეო საქმიანობის უფლება არ აქვს. კანონში პირდაპირ წერია, რომ ის არ უნდა იღებდეს მონაწილეობას ბიზნესის მართვაში და თუკი ამ კანონს დაარღვევს მაშინ თანამდებობა უნდა დატოვოს. ამ კანონის აღსრულება ანტიკორუფციულ ბიუროს ევალება, თუმცა თუ ამ უწყების ოფიციალური ვებგვერდით ვიხელმძღვანელებთ, რაჟდენ კუპრაშვილს ამ დრომდე არც ერთ მაღალი თანამდებობის პირის სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ წარმოებაც კი არ დაუწყია.
ანზორ ჩუბინიძემ "შაბათის ეთერთან" კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის დარღვევა ფაქტობრივად აღიარა.
ირკვევა ისიც, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ქალიშვილის სახელზე გაფორმებული სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩუბინიძეები ყიდულობენ მიწებს და აშენებენ ვენახს. მხოლოდ 2023 წელს ანზორ ჩუბინიძის ქალიშვილის სახელზე 10-მდე მიწის ნაკვეთი გადაფორმდა, რომლის საერთო ფართი 12 ათასი კვადრატულ მეტრზე მეტია.
ანზორ ჩუბინიძე "მელაძის შაბათთან" ამტკიცებს, რომ ქარხნის მშენებლობა დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების შეძენა, საწარმოო ხაზის დამონტაჟება, შეძენა და ქარხნის ახალი მშენებლობის დაწყებაც, მხოლოდ ხელფასით მოახერხეს.
ანზორ ჩუბინიძის ხელფასი 6500 ლარია. ამას თუ საშემოსავლო გადასახადს გამოვაკლებთ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანგარიშზე ყოველთვიურად 5530 ლარი ირიცხება. როგორ ახერხებს ჩუბინიძე ამ თანხებით ქარხნების აშენებას, ოჯახის რჩენას, ვენახების ყიდვას - გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ვერ მოიპოვეს რწმუნება, რომ ეს თანხა ბიზნესის საკეთებლად საკმარისია. მით უმეტეს, რომ ანზორ ჩუბინიძე ინტერვიუში თავად აღიარებს, რომ ბიზნესიდან ჯერ შემოსავალი არ მიუღია და არც წარმოებული სპირტი გაუყიდია, რაც მიღებული მოგების რეინვესტირების ალბათობას გამორიცხავს.
რა შემოსავლები აქვს ანზორ ჩუბინიძის შვილს, რომელიც აძლევს საშუალებას ამ მასშტაბის ბიზნესი აწარმოოს. "შაბათის ეთერი" კითხვებზე პასუხების მისაღებად მარიამ ჩუბინიძესთან სახლში მივიდა, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ქალიშვილი "ტვ პირველს" დაევალა.
ირკვევა ისიც, რომ ბიზნეს იმპერიის აშენებაში ანზორ ჩუბინიძის ქალიშვილს საქართველოს მთავრობა დაეხმარა. ოფიციალური დოკუმენტებს მიხედვით, დიდი ფული საწარმოს მოსაწყობად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ფული სოფლის განვითარების სააგენტომ მისცა. მარიამ ჩუბინიძის კომპანიის სახელზე ნახევარი მილიონი ლარი ჩაირიცხა.
სოფელ ზაქაროში ნაყიდი მიწები და აშენებული ქარხანა ერთადერთი ქონება არ არის, რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ქალიშვილის სახელზე გადაფორმდა. 2023 წელს 25 წლის მარიამ ჩუბინიძის საკუთრებაში, თბილისში, გოგიშვილის პირველ შესახვევში 720 კვადრატული მეტრი მიწა და მშენებარე სახლიც აღმოჩნდა. ანზორ ჩუბინიძის შვილმა ქონება მამის საცხოვრებელი სახლის გვერდით იყიდა. ეს ქონება იპოთეკური სესხით არის შეძენილი.
არყისა და სპირტის სახდელი საწარმო ანზორ ჩუბინიძის ერთადერთი ბიზნესი არ არის. ყვარელში გაშენებული ვენახები და ღვინის საწარმო ბიძინა ივანიშვილის მაღალჩინოსან ყოფილ პირად მცველს ეკუთვნის. ბიზნესი, სადაც დიდი ფული ბრუნავს, ბიძინა ივანიშვილის მაღალჩინოსანმა მარჯვენა ხელმა 2018 წელს დაიწყო. მთელი ეს ქონება ანზორ ჩუბინიძემ თანამდებობაზე ყოფნის დროს მოაგროვა.