როგორ დაარტყეს ოლიგარქის ფულის სამალავს? - სანქცირებულია კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ ბიზნესებს მართავს
როგორ დაარტყეს ოლიგარქის ფულის სამალავს? - "ნოდარ მელაძის" შაბათის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - სანქცირებულია კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ ბიზნესებს მართავს.
- ოლიგარქის დისშვილის, კახა კობიაშვილის სახელზე გაფორმებული კომპანიების მმართველი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს ყოველი არჩევნების წინ, საქართველოში დიდი ფული შემოჰქონდა, ამერიკამ რუსეთის დახმარებაში ამხილა და დაასანქცირა.
უფრო კონკრეტულად, 2023 წლის 12 აპრილს კომპანია "ლედრა თრასთ სერვის ლიმიტედი", ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით დასანქცირდა - მიზეზი რუსეთთან კავშირები და პუტინის რეჟიმის დახმარებაა. 80 -ზე მეტ სანქცირებულს შორის მოხვდა კვიპროსული კომპანია, რომელიც ქართველი ოლიგარქის ოფშორში რეგისტრირებულ ფირმებს მართავდა.
თეთრი სახლის ბრძანებაში ნომრით 14024, გარკვევით წერია, რომ ,,ლედრა თრასთ სერვის ლიმიტედი,’’ უკრაინის ომში, რუსეთის აგრესიას მხარს უჭერდა.
- ელექტრონული პორტალის, "ოფენ სანქშენის" მონაცემებით, ამერიკის მიერ სანქცირებული ,,ლედრა თრასთ სერვის ლიმიტედი’’,,კრისტა ინვესტმენტ ლიმიტედის’’ თანამფლობელი და მმართველია. "კრისტა ინვესტმენთი" კი ოფშორში რეგისტრირებული ის ფირმაა, რომლის გავლითაც საქართველოში წლების განმავლობაში ივანიშვილს ფული შემოჰქონდა ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკამ დაასანქცირა რუსეთთან კავშირების გამო კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოფშორებში გადამალულ მილიონებს მართავს.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია "კრისტა ინვესთმენთი" საქართველოში ,,აგრო ქართუს’’ 100%-იანი წილის მფლობელი იყო, ბოლოს კი ოფშორული კომპანიის კვალი წაშალეს და "კრისტა ინვესთმენთმა" ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს გადაუფორმა.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა მტკიცებულება, რომ ივანიშვილს სკანდალში გახვეული ოფშორული კომპანიიდან ფული საქართველოში ნამდვილად შემოჰქონდა და საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ანგარიშზე რიცხავდა. ეს დოკუმენტი ამის მტკიცებულებაა. 2019 წლის ანგარიშში თავად "ქართუ" წერს, რომ "კრისტა ინვესთმენთ ლიმიტედმა" ივანიშვილის ქართუ ფონდში 20 მილიონი ჩარიცხა.
ფაზლი აწყობილია, კომპანია რომლითაც ივანიშვილს საქართველოში ოფშორებიდან ფული შემოჰქონდა, სანქციების სკანდალში ეხვევა და რუსეთის ომში დახმარების მიზეზით, მისი მმართველი ანუ დედა კომპანია შტატებმა დაასანქცირა.
- ირკვევა ისიც, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში, მისი ოფშორული კომპანიების კვალის წაშლა დაიწყო. ოლიგარქის კუთვნილი ქართული კომპანიები, რომლებსაც ოფშორში რეგისტრირებული ,,კრისტა ინვესთმენთ ლიმიტედი’’ ფლობდა, ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს გადაუფორმა. გადაფორმების პროცესში, "კრისტა ინვესთმენთის" წარმომადგენლად, ივანიშვილის დისშვილი კახა კობიაშვილია მითითებული. "კრისტა ინვესთმენთი" კი ის კომპანიაა, რომლის მმართველი ფირმაც ამერიკამ დაასანქცირა.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, კომპანია "კრისტა ინვესტმენტ ლიმიტედი" რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ფულადი სახსრების მოსაზიდად, კარგი საშუალება იყო, ამას საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" 2019 წლის ეს ანგარიშიც ადასტურებს. აქ პირდაპირ წერია რომ ბიძინა ივანიშვილის ფონდს, სკანდალში გახვეული კომპანია "კრისტა ინვესტმენტ ლიმიტედისგან" 20 390 628 ლარი აქვს მიღებული.
საიდან შემოდის ახლა ფული ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდში? ეს ინფორმაცია 2020 წლის შემდეგ დახურულია, 2023 წლის ანგარიშში კი ივანიშვილი წერს რომ ქველმოქმედებისთვის 7 მილიონი დახარჯა, მაგრამ საიდან მიიღო ეს ფული, ან ვის მისცა, აღარ აკონკრეტებს.
"ქართუს" ანგარიშების გასაიდუმლოების ამბავი, დროში, უკრაინის ომის დაწყებას ემთხვევა. მას შემდეგ არის დაფარული, ვინ რამდენი ჩაურიცხა საქველმოქმედო ფონდს? ასევე უცნობია, ფონდმა, რამდენი და რაში დახარჯა?!