ხაზარაძის თქმით, ბადრი ჯაფარიძეს მუქარის წერილი გახარიამ საკუთარ კაბინეტში გადასცა

10.06.21 23:00
ხაზარაძის თქმით, ბადრი ჯაფარიძეს მუქარის წერილი გახარიამ საკუთარ კაბინეტში გადასცა

"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ამბობს, რომ ბადრი ჯაფარიძეს მუქარის წერილი შსს მაშინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ საკუთარ კაბინეტში გადასცა. 

ხაზარაძე საქმის გამოძიებას ითხოვს. მან ღია ეთერიდან მთავარ პროკურორს მიმართა - "იქნებ ჩვენ ვწამებთ ცილს ბატონ გახარიას?... მე მინდა სიმართლე დადგინდეს"- განაცხადა პარლამენტის წევრმა. 

რაც შეეხება შეხვედრას, ხაზარაძის თქმით, ჯაფარიძე გახარიამ პირადად დაიბარა. 

სიტყვა ტყუილი და ბადრი ჯაფარიძე არის აცდენილი ერთმანეთთან. ჯაფარიძე ყოველთვის ამბობდა, რომ ის არ იყო შუამავალი, წერილი გადმოგვცა ჩვენ, მე და ბადრის. როგორ შეიძლება ბადრი ჯაფარიძე იყოს შუამავალი როცა ის, ისეთივე თანამფლობელია და ისევე მართავდა ჩვენს კომპანიებს, როგორც მე. გახარიამ ბადრის გადასცა წერილი მის კაბინეტში.

მივმართავ პროკურატურას, მივმართავ გომელაურს, იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლა-გამოსვლა არის ფიქსირებული, ამოიღოს ნოემბრის შესვლა-გამოსვლა და ეს საქმე განახლდეს. თუ არ განახლდება მაშინ საქმე გვექნება სახელმწიფოებრივ დანაშაულთან, რომელიც დანაშაულს აფარებს ხელს", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

"ლელოს" ლიდერი დარწმუნებულია, რომ წერილი გიორგი გახარიას დაწერილი არ არის, თუმცა ეს როლი შეასრულა. 

გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძეს სთხოვა შეხვედრა და ასეც მოხდა. ის მაშინ მინისტრი იყო და რა თქმა უნდა, ჩვენთან არ მოვიდოდა ოფისში, მივიდა ბადრი. მან გადმოსცა წერილი და ეს ყველამ იცის. მე არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, გახარიას სასარგებლოდ მინდა ვთქვა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის წერილი არ იყო გახარიას მიერ დაწერილი და შეიძლება შეწუხებულიც კი იყო, რადგან ეს როლი მოირგო"- დასძინა "ლელოს" ლიდერმა. 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძეს და TBC ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიამ მუქარის წერილი პირადად მას გადასცა.

ამ წერილის მიხედვით, მ.ხ.-ს (სავარაუდოდ, მამუკა ხაზარაძეს), უნდა შეესრულებინა სამი პირობა:

  • "უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან)";
  • "მ.ხ.-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი)";
  • "არტარეას" უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი".