შეჯერდება თუ არა ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე - კონსულტაციები პარტიებში

11.06.21 11:34
შეჯერდება თუ არა ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე - კონსულტაციები პარტიებში

შეჯერდება თუ არა ოპოზიცია თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე - პარტიებში კონსულტაციები უკვე დაწყებულია. ნაწილი ფიქრობს, რომ გამარჯვებისთვის საერთო კანდიდატზე შეჯერებაა საჭირო, მეორე ნაწილი კი შანსებს დამოუკიდებლად ხედავს. 

დედაქალაქის მერობის კანდიდატობის სურვილი უკვე გამოთქვა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა. 

საუბრები მიდის ახლა ამ წუთში ოპოზიციის შიგნით, შევძლოთ რამენაირად ერთიან კანდიდატებზე დალაგება, როგორც მერობის, ასევე, მაჟორიტარულ ნაწილში და ა.შ. ჩემი პარტიის განწყობა არის, რომ მე უნდა ვიყო და ეს ცხადიც არის. ამ წუთში შესული ვართ ამ მოლაპარაკებებში და ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება. ჯერჯერობით დეტალებში არ ვართ წასული, პრინციპებზე ვთანხმდებით, -  ამბობს ზურა ჯაფარიძე.

„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, თვლის, რომ მერობის კანდიდატი ზეპარტიული უნდა იყოს და ოპოზიციას მერობის შერჩევის საკუთარ მოდელს სთავაზობს. 

ჩემი და „ლელოს“ პოზიცია იცით. ჩვენ შევთავაზეთ მოდელი, სადაც ოპოზიციური სპექტრს ვთავაზობთ ზეპარტიულ მერის კანდიდატს, რომელიც არ იქნება რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი, თუმცა მას ექნება აღჭურვილი სერიოზული გეგმა თბილისის განვითარების, მხარდაჭერა ოპოზიციური სპექტრის და რაც ყველაზე მთავარია, გუნდი, კაბინეტი, რომელიც თავიდანვე დაკომპლექტდება მასთან ერთად. ამ მოდელზე ვმუშაობთ, - ამბობს  ხაზარაძე.

მერობის საუკეთესო კანდიდატად დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა, ნიკა მელიას მიიჩნევს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ დაამტკიცა, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ შეუპოვარია. 

მიმაჩნია, რომ ამ აჩევნებზე ნიკა მელია არის თბილისის მერობის საუკეთესო კანდიდატი. მას აქვს პოლიტიკური მომენტუმი. მან დაუმტკიცა საზოგადოებას, რომ შეუძლია ბრძოლა და შეუპოვარია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მას აქვს ასევე, მერიაში მუშაობის გამოცდილება, ის იყო მთაწმინდის გამგებელი და საკმაოდ წარმატებული გამგებელი, მას აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, ადმინისტრაციული საქმიანობის  გამოცდილება და მას აქვს პოლიტიკური დაგროვილი კაპიტალი, - ამბობს გიგი უგულავა. 

რაზე შეჯერდება ოპოზიცია,  ცნობილი პარტიებს შორის კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება.
 

მსგავსი სიახლეები