ყურადღების მიქცევის იაფფასიანი მცდელობა - "ოცნების" დეპუტატები პარლამენტში მოწყობილ პერფომანსზე

11.06.21 15:27
ყურადღების მიქცევის იაფფასიანი მცდელობა - "ოცნების" დეპუტატები პარლამენტში მოწყობილ პერფომანსზე

პარლამენტში სამოქალაქო აქტივისტების მიერ მოწყობილ პერფომანსს „ქართული ოცნების“ დეპუტატები ყურადღების მიქცევის იაფფასიან მცდელობად აფასებენ. მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა, ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის თემაში ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული და ამასთან დაკავშირებით პროტესტი უადგილო იყო. 

არ ვიცი, რა გადმოიყარა და როგორ... ეს უბრალოდ, იაფფასიანი მცდელობა იყო, რომ ყურადღება მიექციათ, არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნინოწმინდის თემა არის პრობლემური, თქვენ იცით, რომ ჩვენი კოლეგებიც იყვნენ ჩართული, ბატონი დავითულიანი, ბატონი პაპუაშვილი შალვა იყო სხვა ორგანიზაციებიდან ჩართული და რამდენადაც ვიცი, პროცესი მიდის, რომ განიმუხტოს სიტუაცია და რაც მთავარია, ბავშების უფლებები იყოს ბოლომდე დაცული, - ამბობს ირაკლი ზარქუა. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური, ამბობს, რომ პერფომანსი საშუალო ხარისხისაც კი არ იყო. მისი თქმით, გაუგებარი იყო, რას აპროტესტებდნენ აქტივისტები. მმართველი გუნდის წევრი თვლის, რომ სხდომათ დარბაზში საპროტსტო ბანერებით შემოსვლა აღნიშნულ პერფომანსს უფრო მეტყველს გახდიდა. 

თუ ამ პერფომანსის შეფასებას მთხოვთ, ალბათ არ იყო საშუალო ხარისხისაც კი. უკეთესად შეიძლებოდა, ან რაღაც ბანერით, ან რაღაცა ისეთი...უკეთესად  წარმოსაჩენი რომ ყოფილიყო,  უფრო სხვა სახით შეეძლოთ, რომ დაეგეგმათ და გასაგები გახდებოდა, მაგრამ ის, რომ რაღაც ძალიან პატარა ფურცლები იყო გადმოყრილი, სიმართლე გითხრათ, თან იმ მხარეს, სადაც ოპოზიცია იჯდა, თითქოს წარმოდგენა იქმნებოდა, რომ შემოსვლას ულოცავდნენ, ან რაღაც მსგავსი ხდებოდა, - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა სხდომათა დარბაზში დეპუტატებს თავზე ფურცლები გადააყარეს. ამით მათ ის უმოქმედობა გააპროტესტეს, რომელსაც ხელისუფლება ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით იჩენს.