ულტიმატუმი 23 ივნისს იწურება - ზაზა გახელაძის ოჯახი აქციებს აანონსებს

14.06.21 11:42
ულტიმატუმი 23 ივნისს იწურება - ზაზა გახელაძის ოჯახი აქციებს აანონსებს

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი აქციებს აანონსებს - 33 წლის კაცის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ "ოცნების" ხელისუფლებას ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად ათ დღიან ვადას აძლევენ. 

გახელაძის მშობლებისა და მეუღლის ინფორმაციით,  პირადად ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღეს დაპირება, რომ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეს თვის ბოლომდე გამოიხსნიდნენ. 

დაკავებულის ოჯახი ვარაუდობს, რომ მთავრობა იტყუება და ჯერ 33 წლის ახალგაზრდის გასათავისუფლებლად არაფერი გაკეთებულა. 

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრების თქმით, თუ ის 23 ივნისამდე არ გათავისუფლდება, უწყვეტ საპროტესტო აქციებს მოაწყობენ. 

გახელაძის ცოლის, ირმა ბუთხუზის, თქმით, პრემიერ-მინისტრთან მათი შეხვედრის შემდეგ ერთ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, კონკრეტული შედეგი არ დამდგარა. 

პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ მაისის ბოლოსთვის შედეგს დადებდა და ეს შედეგი იქნებოდა ზაზას გათავისუფლება, მაგრამ არაფერი მომხდარა. მოვითხოვთ, საქმეში ჩაერთონ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობდნენ სომეხი ჯარისკაცების გათავისუფლებაში. იქნებ, ეს ფორმატი ზაზასთანაც ამოქმედდეს, რომ დროულად გათავისუფლდეს", - თქვა გახელაძის ცოლმა.