შტურმი გამომძიებელ ჟურნალისტებზე - სასამართლო პროცესზე ნოდარ მელაძე შსს-ს ცრუ მოწმის მხილებას აანონსებს
შს მინისტრის შტურმი გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ - ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო ვახტანგ გომელაურის უწყების სარჩელს განიხილავს. ადგილზე ტვ პირველის გენერალური პროდიუსერი, ნოდარ მელაძე და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე უკვე მივიდნენ. გამომძიებელი ჟურნალისტების გამოკითხვა ტვ პირველის იურისტებმა მოითხოვეს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე შაბათის ეთერის ავტორი და წამყვანი, ნოდარ მელაძე, შსს-ს ცრუ მოწმის მხილებას აანონსებს. ცრუ მოწმედ მელაძე შსს-ს პრესამსახურის წარმომადგენელს, ქეთი კოვზიაშვილს, მოიხსენიებს.
კოვზიაშვილმა წინა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ,,ტვ პირველიდან" მას ჟურნალისტები არ დაკავშირებიან და უწყებისგან ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუთხოვიათ, რასაც მელაძე და ჩიხლაძეც კატეგორიულად უარჰყოფენ.
ჩვენი სურვილია იყო, რომ მიგვეცა სასამართლოსათვის ჩვენება ცრუ მოწმე ქეთევან კოვზიაშვილის წინააღმდეგ, რომელიც წარმოადგენს შსს-ს. ამ ცრუ მოწმემ წინა ჩვენების დროს მედიის წინააღნმდეგ გაილაშქრა სასამართლო პროცესზე და დარბაზში ამტკიცებდა, რომ თურმე ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა რაღაცასთან დაკავშირებით და ჟურნალისტებმა ეს ინფორმაცია არ გამოიყენეს, რაც არის ტყუილი და შესაბამისად, ჩემი რჩევა იქნება მედიის წარმომადგენლების მიმართ, რომ ამიერიდან თუ გექნებათ კომუნიკაცია აღნიშნულ ცრუ მოწმესთა,ნ მისი სამსახურეობრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მოახდინოთ ჩანაწერის გაკეთება, რადგან შეიძლება, შემდეგ სასამართლოში მივიდეს და ცრუ ჩვენებას მისცეს, რომ თითქოს ჟურნალისტს დაურეკა და თითქოს ჟურნალისტს მიაწოდა რაღაც ინფორმაცია, რომელიც მედიამ არ გამოიყენა. მედიას მოეხსენება, რომ შსს საქართველოში სამთავრობო უწყებებს შორის წარმოადგენს ყველაზე ჩაკეტილ უწყებას, ბეტონის კედელი აქვთ აღმართული ჟურნალისტების წინააღმდეგ. ვიდეომკტიცებულებებით, რომელიც ჩვენმა იურისტმა წარმოადგინა, დგინდება, რომ მინისტრიც საქმის კურსში იყო და მას ჰქონდა გონივრული ვადა შესაბამისი პასუხის გასაცემად ჟურნალისტებისათვის, რაც არ გააკეთა, - აცხადებს ნოდარ მელაძე.
ამ წუთებში სასამართლოს ჩვენებას ფოთის ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელი, ხათუნა ხავლეიშვილი, აძლევს. ხავლეიშვილი გომელაურის უწყების ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. საგამოძებო რეპორტაჟში მთავარი მოწმე აცხადებდა, რომ რეპორტაჟში ნახსენებ პოლიციელს იცნობდა, თუმცა დღევანდელ პროცესზე ეს ფაქტი კატეგორიულად უარჰყო. შეკითხვას, თუ რატომ დასჭირდა საგამოძიებო უწყებას აღნიშნულ სასტუმროში სპეცოპერაციის ჩატარება, მოწმე არ პასუხობს.
ტვ პირველს პოლიციელმა გელა კვაშილავამ უჩივლა. მისი მტკიცებით, არხის ეთერში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. კვეშელავა ტვ პირველისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.