პროკურატურა: დამცირების მიზნით ლაგოდეხში კაცს ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს და ქუჩებში გაატარეს

06.11.23 18:01
პროკურატურა: დამცირების მიზნით ლაგოდეხში კაცს ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს და ქუჩებში გაატარეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ სამ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაზარალებულს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა იმ მოტივით, რომ დაზარალებულმა მათი შეფასებით სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა, მისთვის დამამცირებელი ქმედების განხორციელება, ქალის ტანსაცმლის ჩაცმა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. ფსიქიკური იძულების შედეგად, დაზარალებულმა მათი მოთხოვნა შეასრულა, რის შემდგომაც ბრალდებულებმა ის სოფლის ქუჩებში გაატარეს, რითაც პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს. 

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 1 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (დამამცირებელი მოპყრობა, ესე იგი პირის დამცირება და იძულება, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების მხილების მიზნით", - წერს პროკურატურა.

მსგავსი სიახლეები