აქცია სამინისტროსთან - "პირველების" ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე პირი, მათ შორის ვარლამ გოლეთიანი ტერიტორიიდან გაიყვანა
აქცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან - "პირველების" ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე პირი, მათ შორის ვარლამ გოლეთიანი ტერიტორიიდან გაიყვანა.
ჯერჯერობით უცნობია, სამართალდამცველებმა ეს პირები უბრალოდ ტერიტორიას განარიდეს, თუ დააკავეს.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არიან.
მათივე თქმით, არ იციან, სად წაიყვანეს სამართალდამცველებმა დაკავებულები. ისინი პოლიციისგან აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ და ამბობენ, რომ აქციის მონაწილეების დაკავების საფუძველი არ არსებობდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა.
აქციის მონაწილეები სამინისტროს შიდა ტერიტორიაზე შესვლას და იქ კარვების გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს.
ამის შემდეგ რაჭიდან პროტესტისთვის ჩამოსულმა ადამიანებმა გარეთ, სამინისტროსთან სცადეს კარვების გაშლა და სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება.
აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილიც გადაკეტეს და ამბობენ, რომ არ წავლენ მანამ, სანამ კონკრეტული პირები არ გავლენ და პასუხებს არ გასცემენ, თუ რატომ გადაეცა ერთ კონკრეტულ პირს რაჭის ტყეები.
ტყის მცველები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მათი ხმა არ ესმით.