შეზღუდვების პაკეტი რუსეთის მოქალაქეებისთვის - მამუკა ხაზარაძე ახალი ინიციატივით გამოდის
შეზღუდვების ახალი პაკეტი რუსეთის მოქალაქეებისთვის - მამუკა ხაზარაძე ახალი ინიციატივით გამოდის. სავიზო რეჟიმი, რუსულ ნომრიანი მანქანებით საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინების და მიწების შეძენაზე შეზღუდვების დაწესება - ეს ის სამი მოთხოვნაა, რომლის შემოღებაც "ლელო - საქართველოს" ლიდერმა გუშინ, თბილისის ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე დააანონსა.
ორ საათში მამუკა ხაზარაძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს და იტყვის, რა შეზღუდვები და რატომ უნდა დაუწესდეთ რუსეთის მოქალაქეებს.
როგორ დავიცვათ თავი და შევეწინააღმდეგოთ რუსეთის აგრესიას ჩვენ ქვეყანაში? ეს არის ნომერი პირველი ამოცანა. როგორ არ აღმოვჩნდეთ მთლიანად ისეთ ჭაობში, საიდან გაოსვლაც უკვე ჩვენს შვილებსაც გაუჭირდებათ. ახლა არის ზარების დარეკვის დრო, ახლა არის გამოფხიზლების დრო. ეს არის სავიზო რეჟიმი, ეს არის აკრძალვა ავტომანქანებზე რუსული ნომრებით სიარული ჩვენს ქალაქში, ეს არის მიწების და უძრავი ქონების შეზღუდვა, რუსებზე მიყიდვის, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პარტია "ლელო" ასევე ამომრჩეველთან აქტიურ შეხვედრებს იწყებს. მომდევნო კვირიდან ოპოზიციონერი ლიდერები მოქალაქეებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეხვდებიან და ეტყვიან, როგორ აპირებენ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ქვეყანაში არსებობს.