მაჭარაშვილი პრეზიდენტზე: ლექციას - როგორ უნდა დავარღვიოთ კონსტიტუცია - არავინ არ ჩაატარებინებს
"ზურაბიშვილი ჩაატარებს ლექციას, როგორ უნდა დაარღვიოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია, მერე როგორ უნდა გამოვიდეს და თავზე გადაახიოს კონსტიტუცია ჯერ ხალხს, მერე საკონსტიტუციო სასამართლოს," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მაჭარაშვილი ეთანხმება იმას, რომ უნივერსიტეტებმა სალომე ზურაბიშვილს ლექციის ჩატარებაზე უარი უთხრან.
მე ერთი სტუდენტი მაინც მაინტერესებს, რომ ზურაბიშვილი ჩაატარებს ლექციას, როგორ უნდა დაარღვიოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია, მერე როგორ უნდა გამოვიდეს და თავზე გადაახიოს კონსტიტუცია ჯერ ხალხს, მერე საკონსტიტუციო სასამართლოს. რა თქმა უნდა, ამაზე ყველა უარს იტყვის, რომ ასეთი ტიპის ლექცია ჩაატაროს ზურაბიშვილმა, სხვა ენა მან არ იცის. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, ვუსმენთ, მის მენტალობას, მის სიტყვას და ყოველ მეორე წინადადებაში, თუ ყველაში არა, არის საქართველოს საწინააღმდეგო სიტყვები, ბუნებრივია, ლექციას - როგორ უნდა დავარღვიოთ კონსტიტუცია, არავინ არ ჩაატარებინებს,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დუმილის რეჟიმშია გადასული. თსუ-ს ადმინისტრაცია ამ დრომდე არ ამბობს რა მიზეზით დაუბლოკეს პრეზიდენტს საჯარო ლექცია სტუდენტებთან. კამერებს ემალება ჯაბა სამუშიაც, რექტორი, რომელსაც ნებართვის მისაღებად, ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილით მიმართა.
წყარო "პირველებს" უყვება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თსუ-დან დაურეკეს და უთხრეს, რომ უარის მიზეზი კონდინციონერის სისტემის მწყობრიდან გამოსვლა იყო. თუმცა დღეს უნივერსიტეტში მისულ "პირველების" ჯგუფს სტუდენტებმაც და ლექტორებმაც უთხრეს, რომ კონდინცირება გამართულად მუშაობს.
პრეზიდენტს სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით უმალავენ. "პირველებმა" გაარკვია, რომ ანალოგიური პრომლების წინაშე მთავარსარდალი ქუთაისის და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც აღმოჩნდა.