შესაძლოა, არაერთი ნაღმი იყოს ჩადებული - სამადაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთთან მოლაპარაკებებზე

01.12.23 13:32
შესაძლოა, არაერთი ნაღმი იყოს ჩადებული - სამადაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთთან მოლაპარაკებებზე

შესაძლო პირდაპირი მოლაპარაკებები ოკუპირებულ აფხაზეთთან - "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი საფრთხეებზე საუბრობს. ოპოზიციის წევრი არ გამორიცხავს, რომ ამ პროცესში არაერთი ნაღმი იყოს ჩადებული. სამადაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ საერთაშორისო ფორმატის ფარგლებშია შესაძლებელი.

ვხედავ, რომ პროცესში არის არაერთი ნაღმი ჩადებული, იმიტომ, რომ დღეს რუსეთის ამოცანაა, რომ გაზარდოს ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე იმისთვის, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ევროკავშირსა და ნატოზე, უარი ვთქვათ დასავლეთზე და დავუბრუნდეთ ბოლომდე რუსეთის გავლენის სფეროს. ამ მიზნით, მე არ გამოვრიცხავ, რომ მათ შემოაგდონ არაერთი ტყუილი ინიციატივა, რაც შეეხება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ამიტომ არის ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელი, რომ ყველა სახის ინიციატივები, ყველა სახის მოლაპარაკებები საკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან უნდა წარიმართეს ძალიან გარკვეული და სანდო საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, როდესაც კონფლიქტის დარეგულირების სფარ ქვეშ ჩვენს სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტად დააზიანებს რუსეთი, - ამბობს სამადაშვილი. 

დაიწყება თუ არა პირდაპირი  დიალოგი ოკუპირებულ აფხაზეთთან? ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის უშიშროების საბჭოს დე ფაქტო მდივანს, სერგეი შამბას დისტანიცურად ესაუბრა. 20 წუთიან შეხვედრაზე მხარეებმა კონფლიქტის დაძლევის შესაძლებლობები განიხილეს. 

 ვახტანგ ყოლბაია  ფიქრობს, რომ სწორედ საუბრით არის შესაძლებელი კონფლიქტის მოგვარება. საბჭოს წევრი ამტკიცებს, რომ ის საქართველოს ხელისუფლების სახელით არ მოქმედებდა და საუბარი პერსონალურ შეხვედრად უნდა მივიჩნიოთ.