თუ ეს დადასტურდა, რექტორი კინწისკვრით უნდა გამოაგდო უნივერსიტეტიდან - გოცირიძე პრეზიდენტისთვის ლექციების დაბლოკვაზე
"ევროოპტიმისტების" ლიდერი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ თუ დადასტურდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეგნებულად ეუბნება საქართველოს პრეზიდენტს უარს ლექციის ჩატარებასა და სტუდენტებთან შეხვედრაზე, მაშინ რექტორი "კინწისკვრით უნდა გამოაგდონ უნივერსიტეტიდან".
გოცირიძე ამბობს, რომ ამის გამოცდილება სტუდენტებს აქვს და ჯაბა სამუშიას ურჩევს ეს გაიხსენოს.
ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა და თუ ეს დადასტურდა, პირდაპირ კინწისკვრით უნდა გამოაგდო უნივერსიტეტის რექტორი იმ შენობიდან. ამის ძალა და გამოცდილება აქვს სტუდენტობას. უნდა გაიხსენოს რექტორმა, თუ რა შეუძლია სტუდენტობას". - განაცხადა რომან გოცირიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დუმილის რეჟიმშია გადასული. თსუ-ს ადმინისტრაცია ამ დრომდე არ ამბობს რა მიზეზით დაუბლოკეს პრეზიდენტს საჯარო ლექცია სტუდენტებთან. კამერებს ემალება ჯაბა სამუშიაც, რექტორი, რომელსაც ნებართვის მისაღებად, ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილით მიმართა.
წყარო "პირველებს" უყვება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თსუ-დან დაურეკეს და უთხრეს, რომ უარის მიზეზი კონდინციონერის სისტემის მწყობრიდან გამოსვლა იყო. თუმცა დღეს უნივერსიტეტში მისულ "პირველების" ჯგუფს სტუდენტებმაც და ლექტორებმაც უთხრეს, რომ კონდინცირება გამართულად მუშაობს.
პრეზიდენტს სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით უმალავენ. "პირველებმა" გაარკვია, რომ ანალოგიური პრომლების წინაშე მთავარსარდალი ქუთაისის და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც აღმოჩნდა.