უნდა შევძლოთ აფხაზებისთვის ხელის ჩამორთმევა - "ოცნება" დიალოგის იდეას მიესალმება

01.12.23 13:46
უნდა შევძლოთ აფხაზებისთვის ხელის ჩამორთმევა - "ოცნება" დიალოგის იდეას მიესალმება

ოკუპირებულ აფხაზეთთან პირდაპირი დიალოგის იდეას საქართველოს ხელისუფლება მიესალმება. ალუდა ღუდუშაური ამტკიცებს, რომ შერიგება კონფლიქტის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია, თუმცა რა ფორმით უნდა მოხდეს ეს, "ოცნება" არ განმარტავს. 

ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ, ჩვენ ერთმანეთს უნდა გადავეხვიოთ, დავივიწყოთ ყოველგვარი წარსული, ის შავი ფურცელი, რომელიც ამ ჩვენს დებსა და ძმებს შორის არის და ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დავდგეთ ამ პირად წყენებზე მაღლა. ამიტომ, ნებისმიერი ძალისხმევა, რომელიც ამ დიად მიზანს ემსახურება, ყველაფერი არის მისაღები, - ამბობს ალუდა ღუდუშაური. 

დაიწყება თუ არა პირდაპირი  დიალოგი ოკუპირებულ აფხაზეთთან? ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის უშიშროების საბჭოს დე ფაქტო მდივანს, სერგეი შამბას დისტანიცურად ესაუბრა. 20 წუთიან შეხვედრაზე მხარეებმა კონფლიქტის დაძლევის შესაძლებლობები განიხილეს. 

 ვახტანგ ყოლბაია  ფიქრობს, რომ სწორედ საუბრით არის შესაძლებელი კონფლიქტის მოგვარება. საბჭოს წევრი ამტკიცებს, რომ ის საქართველოს ხელისუფლების სახელით არ მოქმედებდა და საუბარი პერსონალურ შეხვედრად უნდა მივიჩნიოთ.