"ფულს ხარჯავდნენ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო" - რას ამბობენ "ოცნებაში" ევროპული საბჭოს განსახილველ დოკუმენტზე
"ქართული ოცნება" ევროპული საბჭოს განსახილველ დოკუმენტში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. კობახიძის გუნდი ირწმუნება, რომ ყველაფერი რიგზეა და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მათი დამსახურებით გარანტირებული აქვს. "ოცნებას" იერიში დაწყებული აქვთ და ყველაფერს ოპოზიციას აბრალებენ.
ევროპული საბჭოს გაფართოების პროექტში, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა, ჯერ კიდევ ღიადაა დარჩენილი საქართველოს საკითხი. "რადიო თავისუფლებას" რადიკალური ოპოზიციის პოზიციების გატარებაში "ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი ადანაშაულებს.
„რადიო თავისუფლება“ გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციაზე იდგა და დგას დღემდე და ამაში არაფერი არ შეცვლილა და რეალურად, აჟღერებს, როგორც წესი, რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულებებს. მარტო ხელისუფლებას არ მოეთხოვება ის, რომ უნდა იმუშაოს ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთად, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ფორმატი ყოფილიყო ყველასთან ტრანსფარენტული, ხელმისაწვდომი და სპეციალურად ჩაატარეს უშველებელი კამპანია, მილიონები დახარჯეს იმისთვის, რომ პოლარიზაციის რეჟიმი შენარჩუნებულიყო,“ - ამბობს ვოლსკი.
"ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მილიონები დახარჯეს იმისთვის, რომ ქვეყნისთვის საბოტაჟი მოეწყოთ.
ფულს ხარჯავდნენ იმაში, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ასეთ დროს ბუნებრივია, როდესაც გყავს ქვეყნის შიგნით და არა მარტო ქვეყნის შიგნით მტრულად განწყობილი ვიწრო პოლიტიკურ, მერკანტილურ იდეებზე გამსჭვალული და მომზირალი პოლიტიკური ძალები, ასეთ დროს კიდევ უფრო დასაფასებელია ის პრინციპული ნაბიჯები, რომელიც ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად გავიარეთ და ამის შედეგია, რომ კომისიამ სრულიად სამართლიანად და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო ანგარიშის სახით,“ - ამბობს ღუდუშაური.