"არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობის მცდელობას" - პოლიციელისა და სამოქალაქო პირის დაჭრის საქმეზე დაკავებული ნოდარ ვაშაკიძე
პოლიციელისა და სამოქალაქო პირის დაჭრის საქმეზე დაკავებული ნოდარ ვაშაკიძის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ვაშაკიძე სასამართლოს წინაშე ამტკიცებს, რომ თავს იცავდა და პოლიციელი განზრახ არ დაუჭრია.
არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობის მცდელობას, თავს ვიცავდი როცა წავიქეცი, არ დამინახავს ვინ იყო პოლიციელი, ხელს ვიქნევდი, თემურის მეგობარი მეგონა," - თქვა სასამართლოზე ვაშაკიძემ.
მის წინააღმდეგ საქმეში დევს თემურ ანჯაფარიძის ჩვენება, რომელსაც ვაშაკიძემ ზაარბრიუკენის მოედანზე დანა 8-ჯერ ჩაარტყა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნოდარ ვაშაკიძეს, მეტსახელად "თიყვას " 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ნოდარ ვაშაკიძე განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბიც ბიზნესის და ფულის გამო მოხდა. სისხლიანი გარჩევა ზაარბრიუკენის მოედანზე გუშინ შვიდი საათისთვის მოხდა. ჩხუბი მამაკაცებს შორის რესტორანში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, ნასვამმა ნოდარ ვაშაკიძემ ჯერ თემურ ანჯაფარიძე დაჭრა, შემდეგ კი გამოძახებაზე მისული პოლიციელი.