ხელისუფლებიდან წასული ექს-პრემიერის სასახლე - რა სქემით დაიკანონა მიწა ბახტაძის ოჯახმა მცხეთაში?
"მელაძის შაბათის" ჟურნალისტური გამოძიება - როგორ ჩადგა სახელმწიფო ყოფილი პრემიერ-მინისტრის სამსახურში? მამუკა ბახტაძის ოჯახი მცხეთაში, ოთხ სართულიან სასახლეს იშენებს.
- რა სქემით დაიკანონა ექსპრემიერის ოჯახმა მიწა მცხეთაში და როგორ მიაქირავა 35 წლით მთის ბორცვი სახელმწიფომ, რომ ბახტაძეს სასახლეში შიდა ეზო ჰქონოდა?
ირკვევა, რომ ბახტაძეების მშენებარე რეზიდენცია, მცხეთის ყველაზე მაღალი წერტილის, ყველაზე მაღალი შენობაა, ბოლო სართული კი უფრო მაღლაა ვიდრე ჯვრის მონასტერი. ამ მშენებარე სასახლის ოფიციალური მფლობელი, ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის ძმაა, თუმცა "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, უზარმაზარი ნაგებობა, პოსტიდან წასული მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის შენდება.
- ბახტაძის ახალი სასახლე უკვე 12 მეტრის სიმაღლისაა. კარკასი ფაქტობრივად დასრულებულია, ბოლო, მეხუთე სართული სავარაუდოდ ღია ვერანდას დაეთმობა, საიდანაც სატახტო ქალაქი, ხელის გულზე გადაიშლება.
- თვალნათლივ ჩანს, რომ სასახლის ასაშენებლად, მოჭრეს მთის ბორცვი. რამდენიმე სართულზე კი გადმოკიდებული ტერასები იქნება განლაგებული.
- კარკასითაც ცხადი ხდება, რომ სართულები ერთმანეთს, რომბის ფორმის გალერეებითა და შიდა აივნებით დაუკავშირდება.
- 7 მეტრამდე სიმაღლის მისაღები სივრცე, სართულებს, გალერეით უკავშირდება, გადმოკიდებული აივნები ცენტრალურ მისაღებს გადმოჰყურებს, მანათობელი მინის იატაკი კი, ექს პრემიერის ყოფილ სასახლეს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. მუშებმა უკვე ჩამოასხეს კარკასი და ააშენეს ბუხარიც. მისაღებ ოთახში მიმოფანტული თბილი იატაკის პანელები კი ნიშნავს იმას, რომ ყოფილი პრემიერი სასახლეში, გათბობის თანამედროვე სისტემებს იყენებს.
- ოთახებს შორის ტიხრებისთვის კი, როგორც ჩანს, ქართული მეტეხის აგურს გამოიყენებენ, რომელიც მაღალი თბოიზოლაციით გამოირჩევა.
- სართულებს შორის გადასაადგილებლადაც უკვე იზრუნეს, "შაბათის ეთერის" მიერ გადაღებულ კადრებში ვხედავთ ლიფტის შახტასაც, რომელიც ნაგებობას გარე ფასადზე ექნება დამაგრებული.
შაბათის ეთერის ინფორმაციით, მცხეთის ახალი სასახლე, რეალურად პრემიერ-მინისტრის საკუთრებაა და მისი ძმა გიორგი ბახტაძე, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ფიქტიური პირია.
როგორ აღმოჩნდა ეს ფართობი, სატახტო ქალაქში ექს პრემიერის ოჯახის ხელში?
- 610 და 199 კვადრატული მეტრი ფართობის 2 მიწის ნაკვეთი პრემიერის ძმამ 2016 წელს დაიკანონა. საჯარო რეესტრში დაცული, კანონიერი ძალის მქონე დოკუმენტების გაცნობის შედეგად დგინდება, რომ 2016 წლამდე აღნიშნულ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს კუთვნილება იყო.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული საკუთრების მოწმობის ორივე აქტი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ უძრავი ქონება, მამუკა ბახტაძის ძმას მხოლოდ აღიარების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დაუკანონეს. აღიარების კომისიის ჩართულობა კი მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც დაინტერესებულ პირს, არ გააჩნია საარქივო დოკუმენტაცია, რომელიც ამ ქონებასთან მის პირდაპირ კავშირს დაადგენს.
იყო თუ არა მიწების დაკანონების პროცესში, გადამწყვეტი მამუკა ბახტაძის ჩარევა და გავლენები?! როგორ მოახერხა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმამ ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქალაქში, სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიის საკუთარ სახელზე გაფორმება?! - ამ კითხვებით "შაბათის ეთერმა" მცხეთის მერიას მივმართა, მაგრამ პასუხები ვერ მიიღო.
მიწა, რომელზეც სასახლეა აშენებული, არ არის ერთადერთი საეჭვო გარიგება, სადაც კითხვები, მამუკა ბახტაძის ჩართულობისა და გავლენების შესახებ ჩნდება. ამ ჟურნალისტური გამოძიების დროს მოპოვებული დოკუმენტების გაცნობის შემდეგ ჩნდება ობიექტური განცდა, რომ მამუკა ბახტაძის ოჯახის წევრისთვის დიდძალი სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საქმეში, ბევრი უწყება იყო ჩართული.
იმ 2 მიწის ნაკვეთის გარდა, სადაც ახლა ექს პრემიერის ოჯახის სასახლე შენდება, ბახტაძეებს, სახელმწიფომ დამატებით, მიწის კიდევ უფრო დიდი ფართობიც გადასცა. სასახლეს სჭირდებოდა ეზო, ამიტომ საქმეში ისევ შესაბამისი უწყებები ჩაერთნენ. ამჯერად ქონების მართვის სააგენტო, რომელმაც მცხეთის მთის ბორცვის ნაწილი მამუკა ბახტაძის ძმას 35 წლით გადასცა. ქონების მართვის სააგენტოს, რატომღაც სწორედ მაშინ მოუნდა მიწის იჯარით გაცემა, როდესაც ბახტაძემ სასახლის მშენებლობა გადაწყვიტა. იჯარით გასაცემად კი სწორედ ის ნაკვეთი გამოიტანა, რომელიც ამ ახლადაშენებულ სასახლეს ემიჯნებოდა.
რა ჩანს საბუთებში?
- ოთხ სართულიანი სასახლე დგას მიწაზე, რომელიც მიწის აღიარების კომისიამ, ბახტაძის ძმას გაუფორმა. ეზო, რომელიც აღარ რჩებოდა, ბახტაძეებს აუქციონის დახმარებით გადასცეს. 1590 კვადრატული ტერიტორია ექს პრემიერის ძმას სახელმწიფომ 35 წლით ათხოვა.
2021 წელს როდესაც პრემიერი უკვე ირაკლი ღარიბაშვილი იყო, ქონების მართვის სააგენტომ, სასახლის მიმდებარე ტერიტორია, ექს პრემიერის ძმას წელიწადში 13 ათას ლარად გადასცა. ეს იმას ნიშნავს, რომ მცხეთაში, ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ტერიტორიაზე, კვადრატულ მეტრში, ექსპრემიერი, თვეში დაახლოებით 60 თეთრს გადაიხდის.
ექს პრემიერის სასახლე - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი