შეცდომების მნიშვნელოვანი მიზეზი შეიძლება, იყოს პანდემია - თამარ ჟვანიას პარლამენტში უსმენენ
თამარ ჟვანია პარლამენტშია - ამ წუთებში ცესკო-ს თავმჯდომარე საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტებას აბარებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს დეპუტატები 31 ოქტომრბის არჩევნების თაობაზე ჰკითხავენ.
დეპუტატები და თამარ ჟვანია ერთხმად თანხმდებიან, რომ არჩევნების დროს ხარვეზები ნამდვილად იყო, თუმცა ამ დარღვევებს ისინი ძირითადად ადამიანურ ფაქტორებს, პანდემიასა და სტრესს უკავშირებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრატორების მხრიდან საარჩევნო პროცესში მიზანმიმართულ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.
თავიდანვე ვიყავით დარწმუნებულები საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომ არანაირი მიზანმიმართული ქმედება არ ყოფილა საარჩევნო ადმინისტრატორების მხრიდან. შეცდომების მნიშვნელოვანი მიზეზი შეიძლება იყოს პანდემია. ამ ადამიანებს მოუწით მუშაობა არაორდინალურ პირობებში. უამრავი დამატებითი მოთხოვნა გაჩნდა საარჩევნო პროცესში. მეორე ფაქტორი, ეს იყო უდიდესი სტრესის პირობებში მუშაობა. სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობს და ამას ემატება კიდევ პოლიტიკური ინტერესი, ან პირადი ინტერესი, - განაცხადა ჟვანიამ.
სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ, მოითხოვა, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროთ კომისიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც არაკვალიფიციურობის გამო არჩევნები დარღვევებით ჩაატარეს.
რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და ერთგვარი გულგრილობა კომისიის წევრებისგან, რამაც, მათმა ყუყრადღებობამ მიგვიყვანა კონკრეტულ შეცდომებამდე. კონკრეტული კომისიის წევრების უბნის კომისიის წევრები მყავს მხედველობაში, ალბათ ჩვენ ვიმსჯელებთ, რომ მოგმართოთ შესაბამისი რეკომენდაციით, რომ მათ მიმართ დადგეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, - განაცხადა მიქანაძემ.
საგამოძიებო კომისიის ფარგლებში თამარ ჟვანიას დღეს პირველად უსმენენ.